პატიმრების წამებაში ბრალდებული მეგის ქარდავას პროცესზე საქალაქო სასამართლოში, გლდანის ციხის ყოფილი კონტროლიორი ლევან ფხალაძე, მეტსახელად „ბასტი“ დაიკითხა. მან დაადასტურა, რომ 2011 წლის აპრილის დასაწყისში გლდანის ციხეში, ნახა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 21 წლის მოქალაქე, რომელიც ნაწამები იყო. როგორც მოწმემ განაცხადა, მან მოუყვა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით სამეგრელოში დააკავეს, დანაშაულს არ აღიარებდა, სამეგრელოში პოლიციის განყოფილებაში აწამეს და გააუპატიურეს. მოწმის თქმით, მანვე მოუყვა გლდანის ციხეში წამების შესახებაც. მოწმემ აღნიშნა, რომ საქმის კურსში მისი უშუალო ხელმძღვანელი ვლადიმერ ბედუკაძე ჩააყენა, რომელიც გლდანის ციხეში ოპერატიულ მორიგედ მუშაობდა. მოწმის ჩვენებით, ბედუკაძემ ექიმს დაურეკა, რომელმაც პატიმარი გასინჯა და დამამშვიდებლები მისცა. მოწმე ლევან ფხალაძის განცხადებით, სამი დღის შემდეგ სამსახურში მისულს პატიმარი აღარ დახვდა. უთხრეს, რომ გარდაიცვალა. მოწმე გლდანის ციხის პატიმართა წამების საქმეზე გასამართლებულია წამების და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით. მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, რომ ფხალაძე და ბედუკაძე თავად არიან მსჯავრდებულები პატიმრების წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში და უცნაურია, რატომ შეწუხდნენ კონკრეტული პატიმრის მდგომარეობით, რომ დახმარება აღმოეჩინათ და ექიმი მიეყვანათ. მეგის ქარდავა პროცესს არ დასწრებია. ამ საქმის სასამართლო განხილვაში ქარდავამ მონაწილეობაზე უარი განაცხადა.