მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი

სერგო თეთრაძის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, მეგის ქარდავას საქმის ხელახალი განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, შესაძლოა, აღარ მოხდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მეგის ქარდავას აღარ დააბრუნებენ პროცესში მონაწილეობის მისაღებად. ქარდავას ადვოკატმა დღეს შუამდგომლობა დააყენა და მოითხოვა მსჯავრდებულის პროცესზე დაბრუნება, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლეების განმარტებით, ქარდავა არ ნანობს სასამართლოსთვის შეურაცხყოფის მიყენებას. თავად ქარდავა კი არ მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეურაცხყოფა მიაყენა და გაძევების გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა უზენაესმა გადაწყვეტილება უკანონოდ არ მიიჩნია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ქარდავას კიდევ ერთი შანსი მისცა მონანიების, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქმის განხილვა ხელახლა აღარ მოხდება და სააპელაციოს კოლეგია გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. თეთრაძის საქმის ხელახლა განხილვა ქარდავამ ექსტრადიციის შემდეგ მისი მონაწილეობით მოითხოვა. მას საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.