კალანდაძის დაკავება - პროკურატურის განცხადება

ქართველი სამართალდამცავების მიერ ძებნილი გიორგი კალანდაძე გერმანიაში დააკავეს – პროკურატურა გენერალური შტაბის უფროსის ყოფილ მოადგილეს მოქალაქის თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წამებას ედავება. „გამოძიების ინფორმაცით, 2012 წლის ივლისში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით ახალაიამ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, გიორგი კალანდაძემ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მეგის ქარდავამ და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ ერთობლივად განიზრახეს მოქალაქე ე.კ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამების გზით, მისგან ტერორისტული აქტის მომზადების აღიარება მოითხოვეს.

მათ აღნიშნული პირი სამხედრო პოლიციის შენობაში, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აწამეს. ცემის დროს, მას არაერთხელ დაასხურეს წიწაკის მხუთავი აირი და გაგუდვის ინსცენირების მიზნით, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს. გონების დაკარგვის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარებაც არ აღმოუჩენიათ. შენობის ერთ-ერთ ოთახში, ის უმწეო მდგომარეობაში რამდენიმე დღე იმყოფებოდა.

გიორგი კალანდაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12-დან 17 წლამდე ვადით. ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით, გერმანიას კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.