რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა თავად პრეზიდენტმაც. დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების ინფორმირებას პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით.
მთავრობის მიერ საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან მიმართებით, საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ სარჩელის შეტანიდან ექვსი თვის თავზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით.
ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნულმა საკონსტიტუციო სარჩელმა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებთან მიმართებით შექმნა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს დროულ აღმოფხვრას.