პრეზიდენტის გადაწყვეტილება - პოლიტიკური შეფასებები

მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ელჩების დანიშვნის საკითხზე რამდენიმეთვიანი უთანხმოება დასრულებულია. სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა. თუმცა, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოს პრეზიდენტის უარყოფითი პოზიცია ბაქრაძესთან დაკავშირებით, უცვლელია.

ათონელის რეზიდენციაში დღეს არც ის დაუკონკრეტებიათ, თუ რატომ შეცვალა სალომე ზურაბიშვილმა თავდაპირველი გადაწყვეტილება. პრეზიდენტის დღევანდელ განკარგულებას მიესალმებიან მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს მთავრობის მიერ წარდგენილი კანდიდატურის ხელმოწერას კონსტიტუცია ავალდებულებდა, რის შესახებაც მმართველი პარტია პრეზიდენტს აქამდეც არაერთხელ მიუთითებდა და კომპეტენციების დასაზუსტებლად, საკონსტიტუციო სარჩელიც მოამზადა.