ელჩების კონფერენცია 2022

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს.

უწყების მიერ ორგანიზებული ელჩების კონფერენცია სახელისუფლებო შტოებს შორის მორიგი უთანხმოების მიზეზი ხდება. წლევანდელ ამბასადორიალზე შეკრებილ საქართველოს ელჩებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად არ მიმართა. პროტოკოლის წესების დარღვევის არგუმენტით პრეზიდენტი ღონისძიებაზე საერთოდ არ მივიდა. წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით, ამბასადორიალი ღონისძიების მასპინძელმა, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა, სწორედ გამომსვლელთა რიგითობამ გამოიწვია სალომე ზურაბიშვილის უკმაყოფილება. უკრაინის ომი, გაუარესებული უსაფრთხოების გარემო და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გაცემული ევროკომისიის 12 რეკომენდაცია – გამოწვევებით სავსე რთული წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აკრედიტებულმა საქართველოს ელჩებმა ხელისუფლების პირველ პირებთან ერთად შეაჯამეს და 2023 წლისთვის კონკრეტული დავალებებიც მიიღეს.