ელჩების დანიშვნის საკითხი - სარჩელის განხილვის მოლოდინში

 პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურდება ორ სახელისუფლებო შტოს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი თემა. საუბარია მთავრობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, სადაც „ქართული ოცნება“ ელჩების დანიშვნის ნაწილში პრეზიდენტის უფლება-მოვალეობების განმარტებას ითხოვს.

ამერიკაში საქართველოს ყოფილი ელჩისთვის, დავით ბაქრაძისთვის კომპეტენციის დაწუნების მიუხედავად, ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში ჩვენი ქვეყნის ელჩად მის წარდგენას ხელი მაინც მოაწერა და ეს გადაწყვეტილება გაერო-ს ასამბლეის მოახლოებული სესიით ახსნა. ამ ნაბიჯმა გააქტიურა კითხვა: ხომ არ გეგმავს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელის უკან გამოთხოვას, რადგან თვეების წინ სწორედ ბაქრაძესთან დაკავშირებული უარი გახდა პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ურთიერთობის გამწვავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. თუმცა, ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტს მთავრობასთან ახალი პრეტენზიები აქვს, რომელიც ელჩობის შვიდ ახალ კანდიდატურას ეხება.