პრემიერ-მინისტრი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს და ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს.
ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ დიპლომატს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.