პავლიუკ ბიკოვსკი - რუსეთისა და ბელარუსის რეალურ პოლიტიკურ ინტეგრაციას ალექსანდრ ლუკაშენკო შეეწინააღმდეგება #მსოფლიოსამბები
პავლიუკ ბიკოვსკი - რუსეთისა და ბელარუსის რეალურ პოლიტიკურ ინტეგრაციას ალექსანდრ ლუკაშენკო შეეწინააღმდეგება #მსოფლიოსამბები

9 სექტემბერს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა კრემლში გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ გამოაცხადეს, რომ ორი ქვეყნის ინტეგრაციის გაღრმავების „საგზაო რუკებზე“ შეთანხმება მიღწეულია. ლუკაშენკოსა და პუტინის თქმით, საუბარია არა პოლიტიკურ, არამედ უფრო მეტად ეკონომიკურ ინტეგრაციასა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ შეთანხმება რუსეთ-ბელარუსს შორის 1999 წლიდან არსებობს, რატომ გახდა ეს თემა აქტუალური ახლა, ამის შესახებ ვესაუბრეთ პოლიტიკურ მიმომხილველს, პავლიუკ ბიკოვსკის.

თითქმის 25 წელია გვესმის რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციისა და სამოკავშირეო სახელმწიფოს შესახებ, რა შეიცვალა ახლა, რატომ მოეწერა ხელი ინტეგრაციის პროგრამებს და რის მომტანი იქნება ეს ბელარუსისთვის?

რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი 1999 წელს მოეწერა. დოკუმენტში გათვალისწინებული იყო ორი ქვეყნის ღრმა ინტეგრაცია. ეს მოიცავს საერთო პარლამენტს, ერთიან ვალუტას… თუმცა მსგავსი არაფერი მომხდარა. შეთანხმება, რომლის შესახებაც 9 სექტემბერს მოსკოვში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა განაცხადეს, არც ახლა ითვალისწინებს მსგავს რაღაცეებს. პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლის შემდეგ გაიმართა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაც, რომლის შემდეგაც რუსეთის მთავრობამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ჩამოთვლილია რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციის 28 მიმართულება. თუმცა დოკუმენტში ძალიან ზოგადი ფრაზებია მოცემული. ყველა გეგმა არის სამომავლო და ყველაფერს ხელი ოდესღაც უნდა მოეწეროს. ზოგიერთი შეთანხმების გაფორმების თარიღად 2021 წელია განსაზღვრული, სხვების კი 2023, მაგრამ დღეს პრაქტიკულად არაფერი იცვლება. ანუ ჩვენ კვლავინდებურად არაფერი ვიცით, კონკრეტულად რა არის მოცემული ინტეგრაციის პროგრამებში. ახლა საუბარია 28 პროგრამაზე, მანამდე საუბრობდნენ 31 რუკაზე. ჩვენთვის მათი შინაარსი მაშინაც და ახლაც უცნობია, ამიტომ ვერაფერს შევადარებთ ერთმანეთს. იმ ზოგად დოკუმენტში, რაც ახლა არის ხელმისაწვდომი, მაგალითად, საუბარი საბანკო ბარათების მომსახურების სტანდარტებზე, რომელთა დანერგვაც ბელარუსს რუსეთის გარეშეც შეეძლო, ამიტომ რაიმე არსებითზე ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინისა და ლუკაშენკოს მორიგი შეხვედრა უდიდეს მიღწევად შემოგვასაღეს. შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს რუსეთის ფედერაციაში ერთ კვირაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. ეს არჩევნები კრემლისთვის რთული იქნება, არა იმის გამო, რომ ეს არჩევნები კონკურენტულია, არამედ იმიტომ, რომ კრემლის რეიტინგი დღეს დაბალია.

რამდენად სასარგებლოა რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაცია კრემლისთვის?

კრემლისთვის ეს უპირველეს ყოვლისა, იდეოლოგიურ მნიშვნელობას ატარებს, ისევე როგორც ყირიმის მიერთება. პატარა ომებში გამარჯვებას ყოველთვის მოაქვს ხალხის მხარდაჭერა და დიდება იმ პოლიტიკოსისთვის, რომელიც მოგებული გამოჩნდება. თუ ვისაუბრებთ ეკონომიკურ სარგებელზე, ეს საკითხი უფრო რთულია. ერთი მხრივ, ჩვენ ყველა ერთად ვიყავით საბჭოთა კავშირში და რუსეთს თუ განვიხილავთ მომპოვებელ სახელმწიფოდ, რომელიც აწარმოებს ნედლეულს, ხოლო ბელარუსს გადამამუშავებელ ქარხნად. ცხადია, რომ სამეურნეო კავშირები მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთი ახლა ყიდულობს იმ პროდუქციასაც, რომელსაც ბელარუსი სხვა ქვეყნებში აწარმოებს და თავადაც ქმნის მსგავსს პროდუქტს. ვგულისხმობ მანქანებს და სხვადასხვა დაზგა-დანადგარებს. ამიტომ მე არ მგონია, რომ საქმე ეხებოდეს ძველი საბჭოთა სამეურნეო კავშირების შენარჩუნებას. ჩემი აზრით, ინტეგრაციის მიზანი პოლიტიკური დივიდენდების მიღება უფროა, ხოლო ეკონომიკური კუთხით ზოგიერთი საწარმო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, სხვები კი ამ პროცესში შესაძლოა დაზარალდნენ. მაგალითისთვის, კრემლისთვის მნიშვნელოვანია კალიუმის სასუქის მოპოვება და ნავთობის გადამუშავება, ყველაფერი დანარჩენი კი პრინციპული მნიშვნელობის არ არის. თავად რუსეთშიც ასეა. არსებობს სფეროები, რომლებიც ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს წარმოადგენენ, სხვები კი ნაკლებად.

როგორ ფიქრობთ, რუსეთის და ბელარუსის პოლიტიკური ინტეგრაცია საერთოდ შესაძლებელია?

ვფიქრობ, რუსეთისა და ბელარუსის რეალურ პოლიტიკურ ინტეგრაციას ალექსანდრ ლუკაშენკო შეეწინააღმდეგება, რადგან ეს გულისხმობს ბელარუსის სუვერენიტეტის დათმობას. თუ ლუკაშენკოს განვიხილავთ დიქტატორად და ავტორიტარულ ლიდერად, მაშინ ბელარუსის სუვერენიტეტის დათმობა ავტომატურად ნიშნავს, რომ თავად ლუკაშენკო დაკარგავს ძალაუფლებას. თუ ლუკაშენკოს განვიხილავთ, როგორც სახელმწიფოს ლიდერს, ამ შემთხვევაშიც რუსეთთან პოლიტიკური ინტეგრაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება. სინამდვილეში შეიძლება მოხდეს ის, რომ ნელ-ნელა რაღაცები შეიცვლება. მაგალითად, ევრაზიული კავშირის ფარგლებში ბელარუსმა გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უნდა შეიქმნას ერთიანი საბაჟო სივრცე. შესაბამისად, ბელარუსმა უნდა შემოიღოს საბაჟო ტარიფები მსუბუქ ავტომობილებზე, რომლებსაც თავად არ აწარმოებს, თუმცა მათ აწარმოებს რუსეთი. ანუ ზოგიერთი ნაბიჯი მაინც წარმოადგენს სუვერენიტეტის დათმობას. ახლა ასევე ლაპარაკია დათმობაზე საგადასახადო სფეროშიც. ექსპერტები ამბობენ, რომ ბელარუსსა და რუსეთს რადიკალურად განსხვავებული საგადასახადო სისტემები აქვთ და რა პრინციპით უნდა მოხდეს მათი ინტეგრაცია, რთული წარმოსადგენია. თუ ლაპარაკია არა ინტეგრაციაზე, არამედ რუსული ნორმების გადმოღებაზე, მაშინ ეს ასევე დიდი გამოცდა იქნება ბელარუსის ეკონომიკისთვის, თუმცა ამაზე საუბარი შეიძლება. ჩვენ 1999 წლიდან ვლაპარაკობთ ერთიანი ვალუტის შემოღებაზე, მაგრამ ამავე დროს მივედით დასკვნამდე, რომ ერთიანი საემისიო ცენტრი შეიძლება არ გვჭირდებოდეს, რადგან ამ შემთხვევაში კონტრაგენტს ექნება საშუალება, დაბეჭდოს ფული, რომელზე პასუხისმგებლობაც შენ უნდა იტვირთო. ეს კი არავის უნდა. ამიტომ ამ კუთხით წინსვლა არ მომხდარა. ასევე რუსეთს დიდი სურვილი აქვს, ბელარუსში სამხედრო ბაზა მიიღოს. ჩვენ უკვე გვაქვს ორი რუსული სამხედრო ობიექტი – წყალქვეშა ნავების მართვის ცენტრი და რადიოლოკაციური სადგური, მაგრამ არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს ტრადიციულ, თქვენთვის ნაცნობ სამხედრო ბაზას, ანუ ამ ობიექტებზე იმყოფება პირადი შემადგენლობა, რომელთაც საჭირო შემთხვევაში რაიმე ბრძანების შესრულება და ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზეგავლენა შეეძლება. ამ დრომდე რუსული ბაზები ბელარუსის ტერიტორიაზე არ იყო განლაგებული, თუმცა ახლა გაჩნდა სასწავლო ცენტრი გროდნოში, მაგრამ ის არც იურიდიულად წარმოადგენს სამხედრო ბაზას და არც ამ ობიექტზე არის პირადი შემადგენლობა. ვფიქრობ, ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსში რუსული სამხედრო ბაზის განლაგების წინააღმდეგი იქნება, ვიდრე მას ეს შეეძლება, მაგრამ როდემდე ექნება ამის რესურსი, რთული სათქმელია. რუსეთის პოზიცია პრაქტიკულად უცვლელია. პუტინი ხელისუფლებაში ახალი მისული იყო, როდესაც მოუწოდებდა ბელარუსს რუსეთთან გაერთიანებისკენ. ახლა ამაზე არ ლაპარაკობენ, თუმცა შესაძლოა კრემლში ამ თემაზე ფიქრობენ.

და ბოლოს მინდა გკითხოთ ბელარუსის ოპოზიციის შესახებ. რა პოზიცია აქვთ მათ რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციის საკითხზე?

ბელარუსის ოპოზიცია შედგება სხვადასხვა სუბიექტებისგან. ჩვენ გვყავს ძველი ოპოზიცია, რომელიც 2020 წლამდე არსებობს და ოპოზიციის ამ ნაწილს იდეოლოგიურად ნამუშევარი აქვს ამ საკითხზე, ამიტომ ლუკაშენკოს ოპონენტების ეს ნაწილი ორიენტირებულია ევროპაზე ან მიიჩნევს, რომ ბელარუსი უნდა იყოს სუვერენული სახელმწიფო, ხოლო რუსეთთან კონტაქტი უნდა იყოს ურთიერთსასარგებლო. ოპოზიციის ეს ნაწილი რუსეთთან საზღვრის აღდგენის ინიციატივითაც კი გამოდის. საუბარი მაქვს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებზე, რომლებსაც სხვადასხვა ელფერი აქვთ, თუმცა ინტეგრაციის მიმართ ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები მიდგომა გააჩნიათ. არსებობს ახალი ოპოზიცია, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა, რომლის სიმბოლოც არის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია. ოპოზიციის ეს ნაწილი ცდილობს, თავი აარიდოს გეოპოლიტიკურ თემებს. ისინი ამტკიცებენ, რომ 2020 წელს ხალხის პროტესტი დაკავშირებული იყო არა გეოპოლიტიკასთან, არამედ გაყალბებულ არჩვნებთან, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ მათ აქვთ შანსი კრემლთან კარგი ურთიერთობები დაამყარონ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სვეტლანა ციხანოვსკაია აშშ-ში ვიზიტად იმყოფებოდა. რუსეთისთვის ეს გარკვეული წითელი ხაზია. რაც შეეხება უშუალოდ რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციის თემას, არც ციხანოვსკაიას და არც მის თანამებრძოლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მსოფლიოს ამბები

დატოვე კომენტარი