ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. მოლაპარაკებების დროს განიხილებოდა საერთაშორისო პრობლემები და, ზოგადად, მსოფლიოში შექმნილი სიტუაცია, რეგიონული თემატიკა და აშშ-ბელარუსის ურთიერთობები. როგორც ლუკაშენკომ შეხვედრისას აღნიშნა, კელოგის ჩასვლას მინსკში მსოფლიოში დიდი ხმაური მოჰყვა. „ნუთუ არ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ნორმალური დიალოგი და ვისაუბროთ ჩვენს საქმეებზე, ბელარუსსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ. ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, თავის მხრივ, კიტ კელოგმა ბელარუსის ლიდერს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.