პატიმრის წამების კიდევ ერთი ფაქტი და უმძიმესი ვიდეომასალა. ფაქტზე პროკურატურამ ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მისცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა. საუბარია 2011 წელს მომხდარ შემთხვევაზე. უწყებამ ახალი ვიდეომასალა გაავრცელა, რომელიც მათი თქმით, უკრაინულმა მხარემ გადმოსცა და ამოღებულია მეგის ქარდავას საცხოვრებლიდან. ვიდეომასალა საკმაოდ მძიმე საყურებელია და არაერთ ძალადობრივ ქმედებას და მუქარას მოიცავს. პროკურატურის ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილე სხვა პირებზე ცრუ ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად ირკვევა, რომ აღნიშნულ პატიმარს ნარკოტიკული ნივთიერება დაკავების მიზნით ჩაუდეს.