„ოქროს გლობუსის“ რიგით 77-ე დაჯილდოება. 25 ნომინაციაში გამარჯვებულები ცნობილია. ცერემონია ლოს-ანჯელესში, სასტუმრო „ბევერლი ჰილტონში“ გაიმართა. საუკეთესო მხატვრული ფილმი, რეჟისორ სემ მენდესის სურათი „1917“ გახდა. ნომინაციაში საუკეთესო მიუზიკლი ან კომედია „ოქროს გლობუსი“ კვენტინ ტარანტინოს ფილმმა „ერთხელ ჰოლივუდში“ მიიღო.
ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გამარჯვება რენე ზელვეგერმა მოიპოვა. საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ხოაკინ ფენიქსი გახდა „ჯოკერში“ შესრულებული როლისთვის. ქალისა და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის ჯილდოები ლორა დერნიმ და ბრედ პიტმა დაიმსახურეს. საუკეთესო რეჟისორის პრიზი სემ მენდესს გადაეცა. უცხოური ფილმის კატეგორიაში კი გამარჯვება მოიპოვა სურათმა „პარაზიტი“.