ოპოზიციური ერთობის ერთ-ერთ ლიდერს ერთი წლის წინანდელ რუსულ ვოიაჟს და მოსკოვში გაკეთებულ განცხადებას უხსენებენ. როდესაც ნინო ბურჯანაძე სერგეი გავრილოვის გარშემო განვითარებულ მოვლენებს რუსეთის დუმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან განიხილავდა, მან 20 ივნისის მოვლენების გამო ბოდიში მოიხადა.
„არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო ამ აბსოლუტურად ამაზრზენი ინციდენტის გამო. მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ვერ დაგასრულებინებთ, ვიდრე ბოდიშს არ მოგიხდით, რადგან მიმაჩნია, რომ ეს უპირველესად, ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფაა“, – ეს ნინო ბურჯანაძის სიტყვებია, თუმცა დღეს ის ბოდიშის მოხდას უარყოფს. ერთი წლის წინანდელი განცხადების გახსენება სახელისუფლებო პროპაგანდის ნაწილია ბურჯანაძის პოლიტიკური პარტნიორებისთვის, რომლებიც მმართველ გუნდს ნიკა მელიასთან დაკავშირებით სწორედ გავრილოვის დავალებით და რუსული ინტერესებით მოქმედებაში სდებენ ბრალს.