აქციები მოეწყო თბილისშიც, რადგან სტატისტიკა საქართველოშიც საგანგაშოა.
მარტო ბოლო ოთხ თვეში სამუშაო ადგილებზე 10 ადამიანი დაიღუპა, მძიმედ დაშავდა – 11. შრომითი უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მიუხედავად, ცალკეულ ობიექტებზე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმთელობა კვლავ დაუცველია. რისკი განსაკუთრებით მაღალია სამშენებლო და სამთო მოპოვებით სფეროებში. ცალკე პრობლემაა ის, რომ უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებული კონტროლი ამ ეტაპზე მხოლოდ საშიშპირობებიან საწარმოებზე ვრცელდება. გამოწვევად რჩება მკაცრი რეგულაციების აღსრულებაც, რადგან შრომის ინსპექციას, რომელიც ობიექტებს წინასწარი შეთანხმების გარეშე ამოწმებს, მხოლოდ 40 ინსპექტორი ჰყავს.