ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა 

ყაზახეთში მასობრივი ანტისახელისუფლებო აქციები ამ დრომდე გრძელდება.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და პრეზიდენტის მხრიდან რიგი დათმობების მიუხედავად დემონსტრაციები არ წყდება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა მსხვილ ქალაქებში, სადაც მომიტინგეები ადმინისტრაციული შენობების შტურმით აღებას ცდილობენ. დემონსტრანტებმა უკვე დაიკავეს სიდიდით მეორე ქალაქის, ალმაათის საოლქო ადმინისტრაცია, ცოტა ხნის წინ კი ამავე ქალაქის აეროპორტშიც შეიჭრნენ. არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. თხევადი გაზის ფასის შემცირების შემდეგ, აქციის მონაწილეები ახლა პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებენ. ისინი ხელისუფლების მთლიანად შეცვლას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ყაზახეთი დღეს მსოფლიო მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. აქტივისტებს სიმშვიდისკენ და დიალოგისკენ მოუწოდებს ეუთო-ს თავმჯდომარე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი პროტესტის მონაწილეების ზოგიერთ მოთხოვნას „კანონიერს“ უწოდებს და მხარეებს პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდებს.

 

დატოვე კომენტარი