შემთხვევა რიკოთის უღელტეხილზე

რიკოთის უღელტეხილზე არსებულ საამქროში მუშა დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ჩინური კომპანია „სინო ჰიდროს“ საამქროში ხიდის ბეტონის კონსტრუქციის ყალიბი წაიქცა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი პირი კი, რომელიც შემთხვევის შედეგად დაშავდა, ხაშურის გორმედის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილი ჩინეთის, დაშავებული კი 19 წლის ახალგაზრდა საქართველოს მოქალაქეა. იყო თუ არა ადგილზე დარღვეული უსაფრთხოების ნორმები – ამაზე მოკვლევა მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.