ხაიშში ჭუბერისა და ხაიშის თემის მოსახლეობის წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა.
შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მომდევნო კვირაში კიდევ ერთხელ გამართავს შეხვედრას და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მოსაზრებებს და ხედვებს საბოლოოდ ჩამოაყალიბებს. ამის შემდეგ ადგილობრივებმა თავიანთი ხედვები სამთავრობო გუნდს უნდა წარუდგინონ. ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს ქვედა ზონის სოფლებში, რა უნდა იყოს მოსახლეობის დასაქმების წყარო, რითი უნდა ჩაანაცვლონ ხე-ტყის ჭრა იმ ნაწილში, სადაც ადგილი აქვს უკანონობას.
ასეთი შეხვედრის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც 26 ივლისს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა ჭუბერსა და ხაიშის თემში ხის რამდენიმე საამქრო დალუქა, მოგვიანებით კი ხაიშში სპეცრაზმი შევიდა. ხაიშში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება სწორედ ამ შეთანხმებით დასრულდა. ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებას და საარსებოდ ალტერნატიულ შეთავაზებას ელოდება.