აქცია რუსთაველზე - საინიციატივო ჯგუფის პოზიცია

სამხედრო ექსპერტის, აკია ბარბაქაძის განცხადებას, პერმანენტულ აქციებთან დაკავშირებით, ოპოზიციაში აკრიტიკებენ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აკია ბარბაქაძის განცხადებას არაფერი აქვს საერთო საინიციატივო ჯგუფის პოზიციასთან.

გიორგი ვაშაძის თქმით, მან ცოტა უფრო გააზრებული და პასუხისმგებლობით აღსავსე განცხადებები უნდა გააკეთოს. სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ორშაბათიდან იწყებენ პერმანენტულ აქციებს, უნდა ჩამოყალიბდეს საბჭო და შეიკრიბებიან ყველა – „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი. ამ განცხადებამ პარტია „ლელოს“ უკმაყოფილებაც დაიმსახურა.