ტყიბულის შახტში აფეთქების დროს დაშავებული რვა მეშახტიდან სამი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მათი მდგომარეობა საყურადღებოა. დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მას სხეულის 60%-ის დაზიანება და სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. რამ გამოიწვია აფეთქება, ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. მუშაობს სპეციალური კომისია, ასევე მიმდინარეობს გამოძიება. პირველადი მოკვლევის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო უსაფრთხოების წესების დარღვევებზე, მათ შორის ჰაერში მეთანის კონცენტრაციის გადაჭარბებულ მაჩვენებელზე მიუთითებს. შახტი, სადაც ქვანახშირის მოპოვების მიზნით აფეთქების სამუშაოები მიმდინარეობს, ამ დროისთვის დახურულია. მოკვლევის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა სამუშაო პროცესი ტრაგედიის ადგილზე.