წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ბრალი დღეს უნდა წარუდგინონ. 31 წლის მამაკაცი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. ლევან ზურაბაშვილი ორგანიზაციაზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის აიყვანეს. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ ლევან ზურაბაშვილს ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა და ნივთი საფრთხეს არ წარმოადგენდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ ამას ექსპერტიზაც დაამტკიცებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში, მამაკაცი, ორი დღის წინ, დაახლოებით 16 საათისათვის შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა. სამართალდამცველებთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა.