თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ დადებულ ხელშეკრულებას 10 აპრილიდან წყვეტს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.
მისი თქმით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზი გახდა.
„აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, 2018 წლის 10 აპრილიდან, შევწყვიტოთ კომპანია „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, კონტრაქტის გაუქმების შემდეგ, „სითი პარკის“ ფუნქციებს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.