რეზონანსული საქმეების ფიგურანტი ყოფილი მაღალჩინოსანი რუსთავის ციხეშია გადაყვანილი. უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადიცია სამი საათის წინ მოხდა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალდებები აეროპორტშივე წაუყენეს. საქართველოდან 2012 წელს წასული და წლების განმავლობაში ძებნილი ქარდავას წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე ხუთ საქმეზეა დამდგარი, დანარჩენ ექვს საქმეზე სასამართლო პროცესები ჯერ ისევ გრძელდება. ექს-მაღალჩინოსანი დაუსწრებლად უკვე მსჯავრდებულია ციხის ბუნტის, ნავთლუღის სპეცოპერაციის, სერგო თეთრაძის წამების და ე.წ. კასრების საქმეებზე. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ძალოვანი უწყებების მაღალი თანამდებობის პირი კიევიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოიყვანეს. ამ პროცესს წინ უძღოდა მრავალწლიანი მოლოდინი, ქართული მხარის არაერთი მოთხოვნა, 2017 წლის დაკავება, შინაპატიმრობა და ბოლოს კიევის სასამართლოში სამი დღის წინ გამართული პროცესი, რა დროსაც მოსამართლემ ექსტრადირების მოთხოვნა დააკმაყოფილა.