შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის, მარიამ ჩოლოიანის ბრალდების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა. როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განმარტავენ, 400-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა, რის საფუძველზეც, გენერალური პროკურატურის მიერ, მარიამ ჩოლოიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის ორ ეპიზოდში წარედგინა. საუბარია მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, ამ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 12 დეკემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის მომართვის საფუძველზე დაიწყო.
წარდგენილი ბრალდების მიხედვით, 2019 წლის 10 დეკემბერს, შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ კედლებისა და ინვენტარის მოხატვის ფაქტთან დაკავშირებით, გამომძიებელმა, გამოკითხვის მიზნით, დაიბარა 15 წლის ლუკა სირაძე და მისი კანონიერი წარმომადგენელი. ნაცვლად იმისა, რომ “გამომძიებელს ემოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი პრინციპების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე და უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, შექმნა არასრულწლოვანისათვის მაქსიმალურად დამთრგუნველი გარემო და მუქარით, ასევე ძმისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პრობლემების შექმნის შანტაჟით, მოსთხოვა დანაშაულის აღიარება და საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენების მიცემა. აღნიშნულზე უარის მიღების შემდეგ, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, გამომძიებელმა არასრულწლოვნის გამოკითხვა განაგრძო ამავე განყოფილებაში მოწმის სახით დაბარებულ პირებთან (მათ შორის არასრულწლოვნებთან) მისი დაპირისპირების გზით“ – ნათქვამია საქმის მასალებში.
ამასთან, საქმის ფარგლებში, განხორციელდება „თბილისის მწვანე სკოლის“ შემოწმება და დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.