კარლ ჰარცელის განცხადება

ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. დიპლომატის კომენტარს, ოპოზიციის სამი დეპუტატისთვის მანდატების გაუქმების საკითხზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ამავე განცხადებაში კარლ ჰარცელი ამბობს, რომ კვლავ ვერ ხედავენ გასული წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლისა და სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის ობიექტურ მიზეზებს. „უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებელია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი.