შვიდწლიანი პატიმრობის დასასრული.
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმის ფიგურანტი თავისუფალია. დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციხე ვადაზე ადრე დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ მიიღო, რომელსაც მსჯავრდებულის ოჯახმა თვეების წინ მიმართა.
პატრიარქის მდივან-რეფერატის მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით გასამართლებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პატიმრობის პერიოდში მისი შეწყალება რამდენჯერმე ითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. დეკანოზი დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს და სამართლებრივი დავის გაგრძელებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს. „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – ასეა დასათაურებული საჩივარი, რომელშიც ე.წ. ციანიდის საქმის ფიგურანტი ქვეყანას სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ედავება.