პენიტენციური სამსახურის განცხადება

ცოტა ხნის წინ პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გიორგი მამალაძეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა და შემდგომი დაკვირვების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსდა. „საზოგადოების და მედიის მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ მსჯავრდებული გიორგი მამალაძე მე-18 დაწესებულებიდან კლინიკა ,,ვივამედშია“ გადაყვანილი. მას მიმდინარე წლის 13 ნოემბერს „კოვიდ-19-ის“ დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა. მსჯავრდებულს ჩივილებიდან გამომდინარე ჩაუტარდა ტესტირება და მას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა შემდგომი დაკვირვების მიზნით, კლინიკა ,,ვივამედში“ მოთავსდა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.