დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

დეკანოზი გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, თავისუფალია. იგი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბრძოლის გაგრძელებას და საზღვარგარეთ მკურნალობას გეგმავს. მამალაძემ პენიტენციური სამსახურის ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას 2023 წლის ნოემბერში მიმართა, გადაწყვეტილების შესახებ მას გუშინ აცნობეს. დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წელს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო. საქმე სტრასბურგის სასამართლოშია.