ღამის ცაზე ვარსკვლავები და გალაქტიკები თითქოს სრულიად შემთხვევითი ხასიათით არის მიმოფანტული. თუმცა, ასე ნამდვილად არ არის. სამყარო ობიექტების შემთხვევითი, აბდაუბდა კრებული არ გახლავთ. აქვს სტრუქტურები, რომლებიც გალაქტიკებისა და გაზისგან შედგება. კოსმოლოგები ამ სტრუქტურას კოსმოსურ აბლაბუდას უწოდებენ.
კოსმოსური აბლაბუდა შედგება შეჯგუფებული გალაქტიკებისა და გაზების ურთიერთდაკავშირებული ფილამენტებისგან; ისინი მთელ სამყაროშია გადაჭიმული და ერთმანეთისგან გიგანტური ცარიელი სივრცეები, იგივე ვოიდები ჰყოფს. ამ დრომდე აღმოჩენილ უდიდეს ასეთ ფილამენტს ჰერაკლე-ჩრდილოეთ კორონას დიდ კედელს უწოდებენ. ის ათი მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული და რამდენიმე მილიარდ გალაქტიკას შეიცავს. რაც შეეხება ვოიდებს, ანუ კოსმოსურ სიცარიელეებს, მათ შორის უდიდესის დიამეტრი ორი მილიარდი სინათლის წელია. მას ქეი-ბი-სი ვოიდი ეწოდება, აქვს სფერული ფორმა და სწორედ მასში არსებულ ერთ-ერთ სეგმენტში მდებარეობს ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი და შესაბამისად, დედამიწაც.
ერთობლივად, ამ მახასიათებლებს აბლაბუდას შეხედულება აქვს, მაგრამ თუ ცოტა შორიდან შევხედავთ, სამყაროს უფრო ერთიანი, ჰომოგენური ფორმისაა. თუმცა, მცირე მასშტაბებში კარგად ვხედავთ, რომ სამყაროს უფრო დიდებული სტრუქტურა აქვს.
ჩნდება კითხვა, რანაირად მიიღო სამყარომ ასეთი საოცარი, აბლაბუდას მსგავსი სტრუქტურა? მეცნიერთა აზრით, ამაზე პასუხი დიდი აფეთქებიდან პირველი რამდენიმე ასეულ-ათასი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებში იმალება.