2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის საკომიტეტო მოსმენები დასრულდა.
მთავარი ფინანსური დოკუმენტი შენიშვნებით მთავრობას უახლოეს დღეებში დაუბრუნდება და სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში უკვე სხდომაზე დასამტკიცებლად გავა. ცვლილებების პროექტის მიხედვით, ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებებისთვის საჭირო რესურსი 3 მილიარდ 4 მილიონ ლარს შეადგენს. ეს თანხა დაიხარჯება შემოსავლის გარეშე დარჩენილი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასახმარებლად, კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის, ბიზნესის ხელშესაწყობად და ა.შ. ამასთან, 600 მილიონი ლარით მცირდება მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები, რაც სამინისტროებისთვის დაფინანსების შემცირებას გულისხმობს. განახლებული ბიუჯეტის მიხედვით, იზრდება საგარეო ვალი და მიმდინარე წლის ბოლოსთვის მისი მოცულობა მშპ-ს 55%-ს მიუახლოვდება. ასევე, მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ჩადებულია 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის მინუს 4 %-მდე შემცირება.