დაფინანსების ახალი წესი და სპეკულაციები პირველ არხზე მიმდინარე პროცესებზე

რთული ეტაპი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის.

დაფინანსების მოდელის შეცვლის გამო რამდენიმე გადაცემის დახურვას სამეურვეო საბჭოს ხმაურიანი სხდომა მოჰყვა. წინა კვირას დამტკიცებული ბიუჯეტის მიმართ ბორდის ცალკეულ წევრებს კითხვები აქვთ. მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, არხის დაფინანსება მშპ-ზე აღარ იქნება მიბმული და 2026 წლიდან ახალი ფორმულა ამოქმედდება, მანამდე კი 2024 და 2025 წლებში პირველი არხის ბიუჯეტი წინა წლის ბიუჯეტის მოცულობის უნდა იყოს, რაც ნიშნავს, რომ ტელევიზიას ხარჯების თითქმის შვიდი მილიონი ლარით შემცირება მოუხდა. ეს იმ ფონზე, როცა მომავალ წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ შენობაში გადადის, რაც ინფრასტრუქტურული პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე კაპიტალური ხარჯების კიდევ უფრო გაზრდას ითვალისწინებს. მენეჯმენტი პანდემიის დროს შექმნილი არხ „ტელესკოლის“ და კიდევ შვიდი გადაცემის დახურვას სწორედ ახალი რეალობით და უწყვეტი მაუწყებლობის შენარჩუნებითა და ვალდებულების შესრულებით ხსნის. მაშინ როცა ერთი კვირის წინ თითქმის შვიდი მილიონით შემცირებული ბიუჯეტის პროექტის განხილვისას არ დასმულა არც ერთი კითხვა, თუ რის ხარჯზე ხდებოდა ფინანსების დაზოგვა, ბორდის ბოლო სხდომაზე მოცემულობა რადიკალურად შეიცვალა.