კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ძალები ყაზახეთში

რუსეთმა ყაზახეთში სამხედროების გაგზავნა დაიწყო, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სტატიებში აღნიშნულია: „ყაზახეთში სამშვიდობო კონტინგენტის რუსული ნაწილის გაშვება რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციით ხდება“. ყაზახეთის პრეზიდენტმა ღამით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები საგარეო აგრესიის აქტად შეაფასა და დახმარების თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერებს მიმართა. მალევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს ხელმძღვანელობს, ყაზახეთში „კოლექტიური სამშვიდობო ძალების“ გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. სომხური მედიის ინფორმაციით, ერევნიდან ყაზახეთში 70 სამხედრო გაემგზავრება.