ვითარება ყაზახეთში

ყაზახეთში გლოვის დღეა. ქვეყანაში შიდა დაპირისპირების დროს დაღუპულ თანამემამულეებს გლოვობენ. ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში ვითარება დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება. მთავრობის ინფორმაციით, ტერორისტული საფრთხის ცენტრები განეიტრალდა და ქალაქებში ყველა ადმინისტრაციული ობიექტი გათავისუფლებულია.

ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ასევე უზრუნველყოფილია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების, იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახი ადგილების უსაფრთხოება. გავრცელებული ცნობით, ალმათისა და თალდიყორღანის აეროპორტების გარდა, ქვეყნის ყველა დანარჩენი აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ოპერატიული შტაბის სხდომა გამართა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნების ლიდერები ვიდეოკონფერენციის ფორმატში რიგგარეშე შეხვედრას მართავენ და ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

დატოვე კომენტარი