ვითარება ყაზახეთში

ყაზახეთის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული. ქვეყნის პრეზიდენტმა ოპერატიული შტაბის სხდომა გამართა, რა დროსაც ალმათიში და ქვეყნის სხვა ქალაქებში, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის შესაბამისი სამუშაოების ჩატარების ბრძანება გასცა. მისი თქმით, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია, თუმცა ანტიტერორისტული ოპერაციები გაგრძელდება.  ამასთან, ყასიმ ჟომართ თოყაევის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ მივლენილმა სამშვიდობო ძალებმა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ყაზახეთში ვითარების სტაბილიზაციის კუთხით.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, კარიმ მასიმოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ ალმათიში დილიდან ინტენსიური სროლები ისმოდა.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქში ჩატარებული რეიდების დროს 4 000-ზე მეტი დემონსტრანტია დაკავებული. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს ქვეყანა არ დაუტოვებია და რამდენიმე სატელეფონო საუბარი გამართა ყაზახეთის მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან.

დატოვე კომენტარი