კლასიკური მანევრი - პირველი ნაწილი
კლასიკური მანევრი - პირველი ნაწილი

სათაურს განმარტება სჭირდება: უძველესი დროიდან, რაც კაცობრიობა ომის წარმოებითაა დაკავებული, ჯარების გადაადგილებას, შეტევისა თუ უკანდახევისას  მიმართულებათა ცვლას, სხვადასხვა (სტრატეგიულად) მნიშვნელოვანი ადგილების (ტერიტორიების) წინასწარ დაკავებისა თუ შენარჩუნების მცდელობას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ყველაფერ ამას მანევრი ჰქვია და მისი წარმართვა ერთ-ერთი ურთულესი ხელოვნებაა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე იხვეწებოდა, სახეს იცვლიდა, მაგრამ როგორც არ უნდა განვითარებულიყო, ყოველთვის რჩებოდა გამარჯვების ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად. წარმატებული მანევრი ხშირად წყვეტდა არა მარტო ბრძოლის, არამედ კამპანიისა და ომის ბედს, და ისტორიასაც გარკვეულ მიმართულებას აძლევდა. ამიტომაც არის, რომ დიდ სარდალთა სახელები, სრულყოფილად ვინც ფლობდა მანევრის ხელოვნებას, ისევე შემორჩა ისტორიას, როგორც მეფეთა თუ სხვა სახელმწიფო მოღვაწეთა სახელები, რომელთა მოქმედებამ ბევრად განსაზღვრა დღევანდელი საზოგადოების სახე.

ომების ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველა მანევრის საფუძვლად რამოდენიმე საბაზო სტრატეგია დევს. ეს სტრატეგიები ანტიკურობიდან იხვეწება, როგორც ბრძოლის წარმოების ძირითადი სამანევრო სტრატეგიები, ხოლო თავის სრულყოფას ახალ დროში აღწევს. საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც ძირითადი სამანევრო სტრატეგიები სრულიად განსაზღვრული სქემითაა წარმოდგენილი, მათი კომბინირება, თუ სხვადასხვანაირად გამოყენება, ბევრადაა დამოკიდებული მხედართმთავრის გენიაზე, მის ფანტაზიაზე, სწრაფი აზროვნების უნარსა და იმ ინსტინქტზე, რასაც ბრძოლის შეგრძნების უნარი ჰქვია და რაც, საბოლოო ჯამში, დიდ მხედართმთავარს ყოველთვის განასხვავებდა  დანარჩენთაგან.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაგებია, რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ეფექტურად აღვწეროთ საბაზო სტრატეგია, მაგრამ მათი კომბინირება, თუ გამოყენების ნაირგვარობა არავითარ ფორმულას არ ექვემდებარება და მთლიანად ინდივიდუალურია. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ბაზის ზედმიწევნით ფაქიზი ცოდნის გარეშე, ვერც მათი გამოყენების ხელოვნებას დავეუფლებით და ვერც ვერასოდეს გავხდებით მეთაური ამ სიტყვის ძირითადი გაგებით.

ქვემოთ განხილული სტრატეგიები ის სამანევრო პარადიგმები გახლავთ, რომელსაც, ყველაზე ხშირად, სარდლები ომის ევროპულ თეატრებზე იყენებდნენ გვიანი შუა საუკუნეებიდან ვიდრე მე-19-მდე, ანუ მაშინ, როდესაც ყალიბდებოდა თანამედროვე ომის გაგება, მისი წარმოების სტრატეგია და ველზე მოქმედების ტაქტიკა. სიტყვა კლასიკური სწორედ ამ კონტექსტში უნდა გავიგოთ.

ცენტრის გარღვევა

ცენტრის გარღვევა ერთ-ერთი უძველესი მანევრია და მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: ვანგრევთ მოწინააღმდეგის ხაზის მთლიანობას და მას ფლანგებზე, ცალ-ცალკე ვანადგურებთ. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია ფლანგებზე წინასწარი დარტყმების განხორციელებით, რაც მოწინააღმდეგეს იძულებულს ხდის, ამ მიმართულებით აამოქმედოს რეზერვი, ანდა, ფლანგების გაძლიერების მიზნით, შეასუსტოს ცენტრი. ანუ ცენტრში კონცენტრირებული ძალების ნაწილი ფლანგებზე გადაისროლოს ან განალაგოს. ამ დროს ხორციელდება საკუთარი ძალების კონცენტრაცია და ცენტრში ძირითადი დარტყმის მიყენება.

ისტორიული მაგალითი

ცენტრის გარღვევა

აღნიშნულ სტრატეგიას ბრწყინვალედ იყენებდა ჰერცოგი მალბორო (1650-1722). ბლენჰაიმის (1704), რამიის (1706) და მალპლაკეს (1709) ბრძოლები ცენტრის გარღვევის ქრესტომათიული მაგალითებად ითვლება.

მალპლაკეს ბრძოლა, რომელიც ესპანური მემკვიდრეობისთვის ომში 1709 წლის საშემოდგომო კამპანიის გვირგვინად იქცა, ამ მხრივ ყველაზე საინტერესოა იმ აზრით, რომ მალბოროს მანევრი, ბლემჰიმისა და რამიის გამოცდილებიდან გამომდინარე, ფრანგებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მათ ვერ აიცილეს ცენტრის გარღვევა და იძულებულნი გახდნენ დაეხიათ.

ჰერცოგმა მალბორომ, რომელიც ანტიფრანგული კოალიციის ძალებს სავოიელ პრინცთან ერთად ხელმძღვანელობდა, ბრძოლა მოწინააღმდეგის ორივე ფლანგზე შეტევით დაიწყო და იმდენად შეავიწროვა, რომ აიძულა ფლანგებზე რეზერვი აემოქმედებინა. ამის შემდეგ ძლიერი დარტყმა მიაყენა ცენტრს და თითქოს გაარღვია კიდეც. თუმცა ფრანგებს გარკვეული ძალა შემონახული აღმოაჩნდათ. მათ შეძლეს კონცენტრირება და კონტრშეტევა განახორციელეს, რასაც ცენტრის აღდგენა მოყვა. ბრძოლის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა, როდესაც მალბორომ ისევ ცენტრში მოუყარა თავი ყველაფერს, რაც ამ დროისათვის გააჩნდა და ხელახალი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეს. ცენტრი გაირღვა და ფრანგებს, პრაქტიკულად არაფერი დარჩათ, უკანდახევის გარდა. მეორე დარტყმისთვის ისინი მოუმზადებელი აღმოჩდნენ: ყველა რესურსი ამოწურული იყო.

კომენტარი

ცენტრის გარღვევა, როგორც მანევრი, გარკვეული შეზღუდვებით ხასიათდება. თუ მისი გამოყენება ზუსტად არ არის გათვლილი, შესაძლოა მარცხით დამთავრდეს.

1.  თუ გარღვევისთვის არასაკმარისი ძალაა გამოყენებული, მაშინ, შესაძლოა, ვერ შევძლოთ საკუთრივ გარღვევა, რაც მოწინააღმდეგეს არა მარტო კონტრშეტევის საშუალებას აძლევს, არამედ პირობებსაც ქმნის ჩვენივე ცენტრის გასარღვევად (მალპლაკეს ბრძოლაში მალბოროს რომ დამატებითი დარტყმისთვის ძალა არ აღმოსჩენოდა, მას ბრძოლა წაგებული ჰქონდა).

აქედან, სხვათა შორის, ერთი შეგონება გამომდინარეობს: როდესაც ცენტრის გარღვევას ვფიქრობთ, სულ ცოტა, ორი დარტყმისთვის უნდა ვიყოთ მზად. რაც ნიშნავს – ისე გადავანაწილოთ საკუთარი ძალები, რომ ზემოთქმული შესაძლებელი გახდეს.

2  ძირითადი დარტყმა სწორედ იმ მომენტში უნდა განხორციელდეს, როდესაც დავრწმუნდებით, რომ საფლანგო შეტევების მოსაგერიებლად მოწინააღმდეგემ ბოლო რეზერვები ჩართო (მალპლაკეს ბრძოლაში მალბოროს პირველი შეტევა, საბოლოო ანგარიშით,  წარუმატებელი იმიტომ გამოდგა, რომ ფრანგებს კონტრშეტევისთვის ძალა შემონახული აღმოაჩნდათ).თუმცა, ეს მომენტი იმდენად ზუსტად უნდა იყოს გათვლილი, რომ დაპირისპირებულ მხარეს საშუალება არ მივცეთ, რომელიმე ფლანგზე, რეზერვის ამოქმედებით, წარმატებას მიაღწიოს. ვინაიდან ამ დროს ჩვენი ძირითადი შეტევა მტრის საფლანგო დარტყმის ქვეშ მოექცევა.

3.  ცენტრის გარღვევის განხორციელებისას ასევე შეცდომაა, ძირითადი დარტყმის მიმართულებით ზედმეტად ჭარბი ძალების თავმოყრა. ერთის მხრივ, ეს ასუსტებს ფლანგებს და მოწინააღმდეგისათვის შემოვლითი მანევრის წინაპირობებს ქმნის; ხოლო, მეორეს მხრივ, ვინაიდან ჭარბი ძალებით მანევრირება გაძნელებულია (იკარგება მობილურობა), საფრთხე ექმნება ძირითადი მიზანდასახულობის შესრულებას: მოწინააღმდეგეს შეუძლია (ცრუ უკანდახევის განხორციელებით) ჩვენი ძალები მთლიანად ალყაში მოიქციოს ( კანის ბრძოლა, ძვ. წ. 216წ.).

რა უნდა გვახსოვდეს

შემაკავებელი შეტევა – ხორციელდება ერთ-ერთ ფლანგზე იმ მიზნით, რომ მოწინააღმდეგის ძალები ამ ფლანგზე მაქსიმალურად დაბმული აღმოჩნდეს.

დამხმარე შეტევა – ხორციელდება შემაკავებელი შეტევის საპირისპირო ფლანგზე და მისი მიზანია ძირითადი შეტევის იმიტირება, რათა აიძულოს მოწინააღმდეგე ბრძოლაში ჩააბას ყველა რეზერვი. დამხმარე შეტევა ისეთნაირად უნდა წარიმართოს, რომ მოწინააღმდეგე დარწმუნდეს, თითქოს საქმე ძირითად შეტევასთან აქვს. დამხმარე შეტევა, ჩვეულებრივ, შემაკავებელი შეტევის პარალელურად ხორციელდება. ზოგჯერ დროში გარკვეული სხვაობა დასაშვებია.

ძირითადი შეტევისას, მისი დაწყების წინ, მოწინააღმდეგეს უნდა შეექმნას ილუზია, რომ ცენტრიდან მას არაფერი ემუქრება. აღნიშნული მიიღწევა ორი გზით:

ა. შენიღბვა –  როდესაც ძალები უკვე თავმოყრილია, მაგრამ მათი თავმოყრაც და ბრძოლისთვის განლაგებაც მოწინააღმდეგისათვის დაფარულია.

ბ. ძალების მოულოდნელი თავმოყრა –  როდესაც ცენტრში მდგომ ძალებს უერთდება საფლანგო ძალების ნაწილი, რომელიც ამ მიზნით წინასწარაა მონიშნული. აღნიშნული ნაწილი ფლანგზე დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობს, არამედ ბრძოლის დაწყების მომენტიდან, როდესაც მოწინააღმდეგის ყურადღება მთლიანად საფლანგო შეტევითაა დაკავებული, ფარულად გადაადგილდება ცენტრისკენ.

რაც მთავარია,  მხარე, რომელიც ცენტრის გარღვევას ფიქრობს, შეტევასაც თვითონ იწყებს, ანუ ინიციატივას ხელთ იგდებს და ინარჩუნებს კიდეც.

ფლანგის შემოვლა

სამანევრო სტრატეგიებს შორის, მეორე, ყველაზე გავრცელებული სვლაა შემოვლითი მანევრი. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: ერთ-ერთ ფლანგზე, ძალების მაქსიმალური თავმოყრით, ვაიძულებთ მოწინააღმდეგეს საკუთარი ცენტრის მიმართულებით უკუიქცეს. ეს იწვევს მისი ძალების არევ-დარევას და, საბოლოოდ, ქაოსსა და უმართავ სიტუაციას ქმნის

ფლანგის შემოვლა

 

 

ისტორიული მაგალითი

ისევე როგორც პირველს, აღნიშნულ  მანევრსაც ჰყავდა თავისი დიდოსტატები, რომელთა შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლავთ პრინცი კონდე. მის მიერ როკრუასთან გადახდილი ბრძოლა (18-19 მაისი, 1643წ.) ასევე ქრესტომათიულად ითვლება.

1643 წლის მაისის შუა რიცხვებში ესპანეთის ოცდაშვიდათასიანი კონტინგენტი არდენების გავლით საფრანგეთში ნიდერლანდებიდან შეიჭრა და გეზი პარიზისკენ აიღო. ფრანცისკო დე მოლო, რომელიც ამ ძალას მეთაურობდა, გზად ქალაქ როკრუასთან შეჩერდა და ამ უკანასკნელს ალყა შემოარტყა. პრინცი კონდე ოცდასამათასიანი ჯარით მის შესახვედრად გაემართა. 18 მაისს ჯარები უკვე ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ბრძოლა დილიდან დაიწყო. კონდემ მძლავრი შეტევა წამოიწყო მოწინააღმდეგის მარცხენა ფლანგზე, უკუაქცია და ესპანელთა ეს ფრთა მთლიანად გააშიშვლა. უპირატესობა იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ მარჯვენა ფლანგზე ვითარების საკმაოდ სერიოზული გართულების მიუხედავად (რაც, სხვათა შორის, იმითაც იყო გამოწვეული, რომ ფრანგების შეტევა აქ ნაადრევად და, რაც მთავარია, კონდეს ბრძანების გარეშე დაიწყო). ესპანელებმა ვერ შეძლეს ბრძოლაში გარდატეხის შეტანა: კონდემ ზურგიდან გაარღვია მოწინააღმდეგის ცენტრი, ზურგიდანვე დაარტყა შეტევაზე გადასულ ესპანელთა მარჯვენა ფლანგს და აიძულა ისინი დანებებულიყვნენ.

 კომენტარი

როკრუასთან განვითარებული მოვლენები რამოდენიმე საინტერესო მომენტს შეიცავს, რომელთა გათვალისწინება, როგორცა ჩანს, სასარგებლოა მეთაურისთვის:

1. როგორც უკვე ვახსენეთ, საფრანგეთში შეჭრისას ფრანცისკო დე მოლოს სამიზნედ პარიზი ჰქონდა ამოღებული. მიუხედავად ამისა, მან როკრუას ალყა წამოიწყო, რამაც არა მარტო ტემპი დააკარგვინა, არამედ იძულებული გახადა, ფრანგების მთავარ ძალებს შებრძოლებოდა იქ, სადაც თავიდან არ გეგმავდა.აქედან, სხვათა შორის, ერთი შეგონება გამოდის: როდესაც სამხედრო ოპერაციისთვის ძირითადი მიზანი განსაზღვრულია, ყველაფერი, რაც მასთან მიახლოებას ახანგრძლივებს, ხელისშემშლელია და თავიდან უნდა ავიცილოთ. სხვა სიტყვებით, როკრუას ალყა შეცდომა იყო.

2. მარჯვენა ფლანგზე, როგორც აღვნიშნეთ, ფრანგებმა ნაადრევი შეტევა წამოიწყეს. თუ ბრძოლის ანგარიშებს გავეცნობით, დავრწმუნდებით რომ თუ არა კონდეს უაღრესად გაბედული და სწრაფი მოქმედება, ბრძოლა, შესაძლოა, შეტრიალებულიყო.

შეგონება: ნაადრევი შეტევა, ისევე როგორც დაგვიანებული, უაღრესად დიდ საშიშროებას შეიცავს ყოველთვის.

კიდევ ერთი შეგონება: როგორი ინიციატივიანიც არ უნდა იყოთ, ყოველთვის ჯობია, დაელოდოთ მეთაურს: ჯერ ერთი, თქვენ არასოდეს ბოლომდე არ იცით, თუ რა აქვს მას ჩაფიქრებული და მეორე – მეთაური სწორედ იმისთვის არსებობს, რომ გიკარნახოთ რა არის დროული.

საკუთრივ ფლანგის შემოვლას რომ დავუბრუნდეთ, ვნახავთ, რომ მას ერთი შეზღუდვა ახასიათებს:

საფლანგო შეტევის დაგეგმვისას, რომელიმე ფლანგზე ძალების თავმოყრა არ უნდა ხდებოდეს ცენტრის შესუსტების (ანდა ზედმეტად შესუსტების) ხარჯზე, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, მოწინააღმდეგეს ბრწყინვალე შესაძლებლობა ეძლევა, განახორციელოს წარმატებული კონტრშეტევა. თავის დროზე, სწორედ ეს იყო აუსტერლიცთან რუსულ-ავსტრიული კოალიციის მარცხის მიზეზი.

რა უნდა გვახსოვდეს

ფლანგის შემოვლაც შეტევითი მოქმედებაა და მის საწარმოებლად ძალთა სერიოზული მობილიზაციაა საჭირო. ოპერაცია წარმატებულად მხოლოდ მაშინაა მიჩნეული, როდესაც დავრწმუნდებით, რომ მოწინააღმდეგემ მთლიანად დაკარგა მართვა.

საფლანგო შეტევის წარმატებული განვითარებისათვის აუცილებელია:

1.   რაც შეიძლება სწრაფად შევიჭრათ მის სიღრმეში;

2.  უკვე (მოწინააღმდეგის) ზურგში მოქმედებისას, მაქსიმალურად ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ ბრძოლის გაჭიანურება, რაც მოწინააღმდეგეს გადაჯგუფების საშუალებას მისცემდა. სხვა სიტყვებით, შეტევის განვითარებაზე მივმართოთ იმდაგვარი დამატებითი ძალა და იმ ტემპით, რომ წინააღმდეგობა უაზრობად იქცეს. თუმცა, დამატებითი ძალების საფლანგო შეტევაში ჩაბმა არ უნდა მოხდეს ცენტრის შესუსტების ანდა ძლიერ შესუსტების ხარჯზე, რომ მოწინააღმდეგემ ვერ შეძლოს უკვე ჩვენივე მოქცევა საფლანგო დარტყმის ქვეშ.

აღნიშნული, სხვათა შორის, იძლევა მოწინააღმდეგის მიერ წარმოებული საფლანგო შეტევის წარმატებული მოგერიების ალგორითმსაც:

  1. არ უნდა დავუშვათ მოწინააღმდეგის სწრაფი შემოჭრა ცენტრის მიმართულებით და მაქსიმალურად შევზღუდოთ მისი მოძრაობა სიღმეში;

2.  ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ მოწინაამდეგის საფლანგო შეტევამ მიიღოს გაჭიანურებული ხასიათი. ვაიძულოთ ის, საბოლოო წარმატების მიღწევის მიზნით,  საფლანგო შეტევაში მაქსიმალურად ჩართოს დამატებითი ძალები. სხვა სიტყვებით, დაასუსტოს ცენტრი ან მოპირდაპირე ფლანგი. სწორედ  ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ კონტრშეტევისათვის.

3. სწრაფი და ეფექტური საფლანგო კონტრდარტყმისათვის მომგებიანია, როდესაც კონტრშეტევა ხორციელდება მოწინააღმდეგის ცენტრის წინააღმდეგ.

ორივე ფლანგის შემოვლა

ორივე ფლანგის შემოვლა

კლასიკურ პერიოდში ორივე ფლანგის შემოვლა შედარებით იშვიათად გამოიყენებოდა, ვინაიდან მისი განხორციელების ერთ-ერთ პირობას პირდაპირი მოქმედებისას, საკუთარ ძალთა საგრძნობი სიჭარბე წარმოადგენს. შემაკავებელი  შეტევა ხორციელდება ფრონტალურად, მთელი ხაზის გასწვრივ, ხოლო რეზერვები ამოქმედებულია ფლანგებზე, ძირითადად იმავე დანიშნულებით, რაც ჩვეულებრივ საფლანგო შემოვლის დროს.

 ისტორიული მაგალითი

ვინაიდან ორივე ფლანგის შემოვლა ხშირად ძალების რეალურ სიჭარბეს მოითხოვს, ისტორიამ თანაბრად იცის მისი გამოყენების წარმატებული თუ წარუმატებელი მაგალითები. აღნიშნული მანევრის წარმატებული გამოყენების მაგალითია 1711 წლის 13-21 ივლისს მდინარე პრუტთან თურქების მიერ პეტრე პირველის სამოც ათასიანი კონტინგენტის მომწყვდევა. შევნიშნავთ, რომ დიდვეზირის ძალები, სავარაუდოდ, 260 ათასს ითვლიდა.

ასეთივე მაგალითია 1396 წლის სექტემბერში ქალაქ ნიკოპოლისთან გამართული ბრძოლა, სადაც დიდვეზირ ბაიაზეთის ლაშქარმა მთლიანად გაანადგურა დასავლეთ ევროპელ ჯვაროსანთა კოალიციური ლაშქარი: 1396 წელს უნგრეთის მეფე სიგიზმუნდმა რომის პაპ ბონიფაცი IX მეშვეობით თავი მოუყარა ევროპის ფეოდალურ ლაშქარს თურქეთის წინააღმდეგ ჯვაროსნული ომის საწარმოებლად და ალყაშემორტყმული კონსტანტინოპოლის გამოსახსნელად. აღნიშნულ ლაშქრობას უფრო ამბიციური გეგმაც გააჩნდა: საერთოდ შეეჩერებინა ოსმანთა ექსპანსია ბალკანეთში. რამოდენიმე წარმატებული ბრძოლის შემდეგ, ევროპელები სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდნენ ქალაქ ნიკოპოლისის გარნიზონისაგან, რომელსაც, საბოლოოდ ალყა შემოარტყეს. ალყა გაგრძელდა, რამაც თურქებს საშუალება მისცა კონსტანტინოპოლიდან მოეხსნათ ძალების ნაწილი და ჯვაროსანთა შესახვედრად გადაესროლათ. უკვე 24 სექტემბერს თურქები ნიკოპოლისის შორიახლო, შემაღლებულზე განლაგდნენ და ნაცვლად შეტევისა, ადგილზე გამაგრება დაიწყეს. გამოცდილმა ბეიაზეთმა ბრწყინვალედ იცოდა ჯვაროსანთა მოქმედების ტაქტიკა და მას მეტად მოქნილი საბრძოლო წყობა დაუპირისპირა: ცენტრში, შემაღლებულზე, მშვილდოსან ქვეითთა ნაწილი განლაგდა, რომლის მარჯვენა მხარე მსუბუქმა კავალერიამ დაიკავა. მისი დანიშნულება, როგორც შემდგომ გაირკვა, ბრძოლის პროვოცირება, მოწინააღმდეგის სიღრმეში შეტყუება და ბრძოლიდან ისევ ფლანგზე გაუჩინარება გახლდათ, რომ საჭირო დროს, ისევ ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ. ლაშქრის მესამე ნაწილი, მძიმედ შეიარაღებული ცხენოსნები, რომლებიც, ამავე დროს, თურქების ძირითად დამრტყმელ ძალად განიხილებოდნენ, მათ მაღლობებს უკან გადამალეს და საფლანგო შეტევისათვის მოამზადეს. ჯვაროსნები, რომელთაც არც თურქთა რეალურ ძალაზე ჰქონიათ წარმოდგენა და არც ფანტაზიით გამოირჩეოდნენ, საკმაოდ სწორხაზოვნად წარმართეს შეტევა და ორი მცდელობის შემდეგ მთლიანად იქნენ განადგურებულნი.

აქ ერთი ყურადსაღები გარემოებაა: ბაიაზეთმა, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტ ძალას ფლობდა, ნაცვლად შეტევისა, ლოდინი ამჯობინა. ზუსტად შერჩეულმა პოზიციამ მას საშუალება მისცა ცენტრში მოწინააღმდეგის ძალები მთლიანად ჩაეთრია ბრძოლაში, რის შემდეგ, რეზერვებით, ორმაგი შემოვლა განახორციელა.

კომენტარი

როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, ორმაგი საფლანგო შემოვლა ერთ-ერთი ურთულესი მანევრია და ორივე ფლანგზე უპირატესობის შესაქმნელად ძალთა გადამჭრელ სიჭარბეს მოითხოვს. ვინაიდან ასეთი სიჭარბე საკმაოდ იშვიათია, ომების ისტორიის მანძილზე მისი კომპენსირება ხშირად ისეთი კომპონენტებით ხდებოდა, როგორიცაა გადაადგილების სისწრაფე, ბრძოლაში მონაწილე ჯარების ხარისხი (გაწრთვნილობა, გამოცდილება), მეთაურის (ლიდერის) ფაქტორი და ის, თუ რამდენად შევძლებდით მოწინააღმდეგის აყოლიებას, რომ ბრძოლისას ის ჩვენს ნებას დაყოლოდა და მისთვის გამზადებულ ხაფანგში მოქცეულიყო.

სწორედ აღნიშნული ფაქტორების არსებობამ ნულამდე დაიყვანა რომაელთა რიცხობრივი უპირატესობა კანის (ძვ.წ.216 წ) ბრძოლაში და შესაძლო გახადა მათი სრული განადგურება მეორე პუნიკური ომის დროს.

რა უნდა გვახსოვდეს

ორმაგი საფლანგო შემოვლის განსახორციელებლად  იდეალურ ვითარებას წარმოადგენს მოწინააღმდეგის პროვოცირება შეტევაზე. მის  მცდელობას, გაარღვიოს ცენტრი, გარკვეული გასაქანი უნდა მიეცეს, რომ შეექმნას წარმატებული შეტევის ილუზია.

თუმცა, მოწინააღმდეგისათვის პირველი დარტყმის დელიგირება საკმაოდ რისკიანი წამოწყებაა. ამიტომ, აღნიშნული გადაწყვეტილება საკმაოდ ფაქიზად უნდა გაითვალოს: დარტყმის მოსაგერიებლად დაუშვებელია რეზერვების ნაჩქარევი ამოქმედება (მაშინაც კი, როდესაც მდგომარეობა კრიტიკული ჩანს). უმჯობესია, რეზერვი საფლანგო დარტყმებისთვის (კონტრდარტყმებისთვის) შემოვინახოთ. ხშირად, აღნიშნული გადაწყვეტილება   საკმაოდ რთული მისაღებია. ამიტომ მეთაური, რომელიც მორალურად მზად არ არის ამდაგვარი ნაბიჯებისთვის, ბრძოლის მსგავს გეგმას არ უნდა იყენებდეს.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

 

ავტორი – დავით თევზაძე

დატოვე კომენტარი