თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის
თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის

ირანისა და აშშ-ის შორის არსებული დაძაბული ურთიერთობები მხოლოდ ამ ორ სახელმწიფოზე, ცხადია, არ ასახულა. ყველა ის ქვეყანა, რომელიც აშშ სამხედრო ბაზებს მასპინძლობს, ავტომატურად, პოტენციურ სამიზნედ იქცა და მიუხედავად იმისა, რომ ღია საომარი მოქმედებები არ დაწყებულა,  მშვიდობის შესანარჩუნებლად ომისთვის მზაობა ისევ აქტუალური გახადა.  ძნელი სათქმელია, უბრალოდ დროში დამთხვევაა თუ არა, თუმცა 12 იანვარს , „იერუსალიმ პოსტმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ არჩევანი ისრაელის ახალ  „სპაიკზე“ შეაჩერა.  „რაფაელის“ თავდაცვის მეწინავე სისტემების მიერ წარმოებული მეხუთე თაობის ზუსტი ელექტრო-ოპტიკური რაკეტის სამიზნე მანძილი 25 კილომეტრია და მისი გამოყენება დახურული პოზიციებიდანაც არის შესაძლებელი. თუკი აპაჩებზე ახლა არსებულ ანტი-სატანკო სისტემებს სამიზნის განადგურება 12 კილომეტრზე შეუძლიათ, ახალი „სპაიკი“ მათ ამ მანძილის ორჯერ გაზრდის საშუალებას მისცემს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის და რამდენ ასეთ რაკეტას შეიძენს აშშ ან სად განათავსებს მას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მას ისრაელი აწარმოებს, დასაშვებია ვივარაუდოთ, რომ იარაღი ახლო აღმოსავლეთს არც დატოვებს.

გენერალი გოლამალ აბუჰამზე – ირანის რევოლუციური გვარდიის პროვინცია ყერმანის მეთაური

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და ირანს საერთო საზღვრები არ გააჩნიათ, ისრაელის სახელმწიფოსთვის ირანი ცალსახად საფრთხეა და შესაბამისად, ბენიამინ ნათანიაჰუს ტრამპის მხარდაჭერაც არ იყო მოულოდნელი;  „ისრაელი სრულ მხარდაჭერას უცხადებს აშშ-ს უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისა და თავდაცვისთვის  ბრძოლაში“ – განაცხადა პრემიერმა. თავის მხრივ, თეირანიც შესაბამისად აფასებს მოწინააღმდეგეს, რომელიც სიმცირის მიუხედავად, სულაც არ არის სუსტი და იმ 35  პოტენციურ სამიზნეს შორის, რომელიც გენერალ აბუჰამზეს განცხადებით, ირანის წვდომის არეალშია, რამდენიმე ისრაელშიც არის განლაგებული და  ეს განცხადება ორაზროვანი სულაც არ არის.

ისრაელიც, მიუხედავად რიცხობრივი სიმცირისა, საკმაოდ ბრძოლისუნარიანი მოწინააღმდეგეა. სახელმწიფოს აღიარებიდან დღემდე ისრაელი მუდმივად სრული საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში ცხოვრობს. ისრაელის თავდაცვის ძალების საბრძოლო გამოცდილებაც დიდია და  ნებისმიერ შეტევაზე ადეკვატურ პასუხსაც არ აგვიანებს. თუმცა, მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა მოკავშირეების გარეშე საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და რესურსს მოითხოვს და  შესაბამისად, ისეთი სახელმწიფოს მხარდაჭერა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, იერუსალიმისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

თავის მხრივ, აშშ-საც ისრაელის სახით საკმაოდ სანდო მოკავშირე ყავს და როგორც არ უნდა  გადანაწილდეს ძალთა ბალანსი რეგიონში, თეორიულადაც ძნელი დასაშვები იქნება  ახლო მომავალში ისრაელ-ირანს შორის არსებული დაძაბულობის აღმოფხვრა. ირანში დაწყებული საპროტესტო მოძრაობა კი ამ ეტაპზე დროის მოგების საშუალებაც არის და ეს დრო კონფლიქტის ისეთი მხარისთვის, როგორიც ისრაელია, მშვიდობის უზრუნველსაყოფად ერთობ ხელსაყრელია.