„ცენტრი- 2019“ - რისთვის ემზადება რუსეთი?
„ცენტრი- 2019“ - რისთვის ემზადება რუსეთი?

17 სექტემბერს დაიწყო და ერთ კვირას გაგრძელდა მრავალეროვანი სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ცენტრი-2019“ .ორენბურგის ოლქში, სწავლებების დაწყების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა. სწავლების ფარგლებში უპრეცენდენტო რაოდენობის პირადი შემადგენლობის დესანტირება და ტექნიკის მობილიზება იყო დაგეგმილი: საუბარია 128 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეზე, 20 ათას ერთეულ სამხედრო ტექნიკაზე, 600-მდე უპილოტო საფრენ აპარატსა და 15 მცურავ საშუალებაზე.ოპერატიულ აეროდრომებზე ბაზირებული იყო  საჰაერო კოსმოსური ძალების და ცენტრალური სამხედრო ოლქის სატრანსპორტო ავიაციის 80-მდე  „ილ-76“ , 1000-ზე მეტი სატრანსპორტო-საბრძოლო და დამრტყმელი ვერტმფრენი. როგორც  სპეციალისტები აღნიშნავენ, სსრკ-ს დაშლიდან, მსგავსი რაოდენობის პირადი შემადგენლობა რუსეთის მიერ სწავლებებზე მობილიზებული არ ყოფილა.

გარდა მოცულობისა, სწავლება „ცენტრი-2019“ ასევე გამოირჩევა მონაწილე ქვეყნების სპეციფიკით   და რაოდენობით: მასში მონაწილეობს ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.  ცნობილია, რომ ჩინეთი სწავლებებზე ათას ექვსასი სამხედრო მოსამსახურის მივლინებას გეგმავდა.

სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ცენტრი-2019“  სამოქმედო ტერიტორია მოიცავს  კასპიის ზღვის აკვატორიას   და რუსეთის ფედერაციის საერთო-საჯარისო  და საჰაერო ძალების პოლიგონებს ტოცკი“, „დონღუზი“, „ადანაკი“, „ჩებატყულის,იურგის“, „ალეისკის“, „აშულუკი“ და „საფაკულევო.  სწავლებათა ცალკეული ეპიზოდები, განსაკუთრებული გეგმით,  ასევე ზოგიერთი  მონაწილე ქვეყნის ტერიტორიაზეც ჩატარდება.

სწავლებათა მასშტაბი, მონაწილეთა შემადგენლობა და ოპერატიული რაიონები აჩენს რამოდენიმე კითხვას, რომელთაგან ორი საკმაოდ საინტერესოა:

პირველი, თუ გავითვალისწინებთ, რომ სწავლებაში მონაწილე ყველა ქვეყნა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელიც წმინდა ეკონომიკური გაერთიანებაა, თანდათან სამხედრო ორგანიზაციის კონტურებს იღებს?

მეორე – ხომ არ ხდება შუა აზიაში გარკვეული სამხედრო ბლოკის ფორმირება, რეგიონში სამხედრო ჩარევისთვის?  მაგალითად, სამხედრო ჩარევა განხორციელდეს თუ კი აშშ მაინც გადაწყვეტს ირანზე შეტევას?

ორივე განვითარება სერიოზულად შეცვლის არსებულ გეოპოლიტიკურ სურათს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სწავლების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ფლოტის პრესსამსახურის განცხადებით (16 სექტემბერი), რუსეთმა არქტიკაში, ახალ მიწაზე საჰაერო თავდაცვის სისტემები ს-400 „ტრიუმფი“ განალაგა. პრესსამსახურის ცნობით, ამ ნაბიჯით,  ჩრდილოეთის ფლოტის საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო პოლკი, რომელიც განლაგებულია ახალი მიწის არქიპელაგის კუნძულ იუჟნიზე, მთლიანადაა გადაიარაღარებული სისტემებით ს-400.  აქამდე, აღნიშნულია განცხადებაში, პოლკის შეიარაღება მთლიანად შედგებოდა ს-300 კომპლექსებისგან. ახალი კომპლექსების გადაცემა კი მიმდინარე წლის12 სექტემბერს, პოლიგონზე „კაპუსტინ იარ“ განხორციელდა.

ს-400 წარმოადგენს კომპლექსს, რომელიც შექმნილია აეროდინამიკური და ბალისტიკური მიზნების გასანადგურებლად. სამიზნეების იდენტიფიკაციის მანძილი 600 კმ-დეა, ხოლო დაფარვის ზონის რადიუსი – 400 კმ. მობილური კომპლექსები ადვილად გადაადგილდება ხმელეთის ნებისმიერ ზედაპირზე, ხოლო სამარშო წყობიდან მის საბრძოლო გაშლას ხუთ წუთამდე სჭირდება.

ამავე პერიოდში, საპირისპირო ფლანგზე, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის  საავიაციო და საჰაერო თავდაცვის მე-4 არმიის საავიაციო შენაერთის ვერტმფრენთა ჯგუფის მიერ, რომელიც  დაკომპლექტებულია კა-52 „ალიგატორით“  და მიმაგრებულია აფხაზეთში განლაგებულ რუსულ ბაზაზე, განხორციელდა ღამის წვრთნები პირობითი მოწინააღმდეგის წყალზედა საშუალებების გასანადგურებლად. გუდაუთის რაიონში, შავი ზღვის აკვატორიაში, პოლიგონ ნაგვალოუზე, ვერტმფრენებიდან განადგურდა 20 მცურავი მიზანი, რომლების სადაზვერვო და საბრძოლო კატარღების იმიტაციას ასრულებდნენ. მათ გასანადგურებლად გამოყენებული იყო 30-მმ-იანი ქვემეხები და მართული რაკეტები „ვიხრი“ და „ატაკა“ .

სწავლების დასასრულს, ვერტმფრენების ღამის ხედვის საშუალებების გამოყენებით, სამხედრო კოლონის გადაადგილების მარშრუტზე, განხორციელდა პირობითი მოწინააღმდეგის ჩასაფრებების ადგილებისა და საარტილერიო პოზიციების იდენტიფიცირება. აქვე, სამხრეთ სამხედრო ოლქში, და ამავდროულად, იგეგმება ბატალიონების ტაქტიკური წვრთნების სერია, რომლისთვისაც მობილიზებული იქნება 4 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და 500 ერთეულამდე ტექნიკა. მათ შორის: ტანკები ტ-90, ჯავშანმანქანები „ტიგრი“, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები „აკაცია“ და „მსტა და ავიაცია, ვერტმფრენებისა და სუ-34-ის ჩათვლით.

ყველაფერი ეს, ორენბურგში მიმდინარე წვრთნების ფონზე, საკმაოდ დამაფიქრებელ სურათს კრავს და ლოგიკურად, აჩენს შეკითხვას – რისთვის ემზადება რუსეთი?

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

ავტორი – ლევან ბიბილაშვილი