სევასტოპოლის ბაზის საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემა
სევასტოპოლის ბაზის საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემა

ძალთა ბალანსი შავ ზღვაზე რეგიონული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის, რომ ამ ბალანსის შენარჩუნება ყირიმის ანექსიის შემდეგ ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა, იმითაც დასტურდება, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. თუმცა ალიანსის ძალისხმევა კრემლის ინტერესებს არ შეესაბამება და რუსეთიც სევასტოპოლის მხოლოდ გეოგრაფიული უპირატესობით არ აპირებს შემოიფარგლოს. შავი ზღვის ფლოტის გაძლიერება მისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ალიანსისთვის ამ აუზის უსაფრთხოება. შავი ზღვის რუსული ფლოტის გადაიარაღების ერთ-ერთ მიზეზად ეს ფაქტორიც მოიაზრება.

რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობით , რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძირითადი საზღვაო ბაზის დაფარვის გასაძლიერებლად საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს „ტორ-მ2“ გამოიყენებენ. ამ კომპლექსებით აღიჭურვება შავი ზღვის ფლოტის 1096-ე საზენიტო პოლკი, რომელსაც, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე შეიარაღებაში გააჩნდა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „ოსა“. როგოც იუწყებიან, თავდაპირველად „ოსას“ ჩანაცვლება იგეგმებოდა ე.წ. „ბუკებით“ (“ბუკ-მ2” და “ბუკ-მ3), თუმცა, სირიაში მათი გამოყენების ანალიზის შედეგად, გადაწყდა, რომ ბუკების ნაცვლად პოლკში „ტორის“ კომპლექსები შეეტანათ.

 

 

რას წარმოადგენს ეს კომპლექსი და რა შეუძლია მას? ითვლება, რომ „ტორი“ ახლო ბრძოლის იარაღია და მას შეუძლია სტრატეგიული ობიექტები დაიფაროს როგორც ფრთოსანი რაკეტების დარტყმისაგან, ასევე ზალპური სისტემის რაკეტებისა და ბარჟირების უნარის მქონე ჭურვებისაგან და უპილოტო საფრენი აპარატებისგან . “ტორ-მ2” არის „ტორის“ ჯგუფის კომპლექსების უახლესი მოდერნიზაცია და ის აღჭურვილია მცირე მანძილის მართული რაკეტით 9М338К, რომელიც საშუალებას იძლევა იმუშაოს პრინციპით „ერთი მიზანი – ერთი რაკეტა“.  კომპლექსის ეკიპაჟი სამი სამხედრო მოსამსახურისგან შედგება. მისი ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლებიდან აღნიშვნას იმსახურებს რაკეტების გასროლის მანძილი – 1 – 12 კმ და თითო კომპლექსზე 8 ასეთი რაკეტაა. პოლკის კომპლექტი შედგება თვითმავალი დანადგარების ოთხი ბატარეისაგან, მობილური ტრენაჟორისა და დამხმარე მანქანებისგან (მათ შორის, საკუთარი მოძრავი ელექტროსადგური) . თითო ბატარეაში შედის 4 საზენიტო დანადგარი, რომლის საბრძოლო კომპლექტში არის  16 რაკეტა და უნიფიცირებული საკომანდო პუნქტი „რანჟირი“. როგორც ჩანს, რუსეთი სერიოზულად ეკიდება შავ ზღვაში სამხედრო დაპირისპირების შესაძლებლობას, ხოლო მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფის გარეშე, მისი მთავარი ბაზა, სავარაუდოდ, რეალურად არაეფექტურია. ძნელია იმის ვარაუდი, თუ რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები დაპირისპირების შემთხვევაში. საქართველოსთვის, რომელიც  შავ ზღვაზე მხოლოდ სანაპირო დაცვით არის წარმოდგენილი და სანაპირო ზოლის მხოლოდ არაოკუპირებულ ნაწილს აკონტროლებს, შესაბამისად, ძალთა ბალანსი არასახარბიელოა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასული წლიდან საჰაერო თავდაცვის მოდერნიზაციის მიზნით ფრანგული საზენიტო-სარაკეტო სისტემები საქართველოში ჩამოიტანეს. ფრანგული ტექნიკის ექსპლუატაციის მიზნით, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში კადრების რეორგანიზაცია განხორციელდა, შეიქმნა ახალი შტატები და მოეწყო ტექნიკის მიღებისათვის საჭირო საწვრთნელ-სატესტო ბაზა. თუმცა, პირადი შემადგენლობის მომზადება-გადამზადება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი, თუ როდის დასრულდება ის. სწორედ ამიტომ, ჩართულობა ალიანსის ეგიდით მიმდინარე  შავი ზღვის უსაფრთხოების ღონისძიებებში,   და მომხრე ძალების ქვედანაყოფებთან თავსებადობის ამაღლება როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე, უმნიშვნელოვანესია . 

 

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

ავტორი – ლევან ბიბილაშვილი 

დატოვე კომენტარი