„Defender Europe - 2020“
„Defender Europe - 2020“

2020 წელს საქართველოში აქამდე არნახული მასშტაბის წვრთნები – „დეფენდერ ეუროპ-2020“ გაიმართება. წვრთნებში 18 ქვეყნიდან 37, 000-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. დივიზიის დონის ამ წვრთნებს საქართველოსთან ერთად გერმანია, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნებიც უმასპინძლებენ. წვრთნების მიზანია  აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპაში  უმოკლეს დროში გადასროლა და ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივი საბრძოლო მოქმედებების ეფექტური წარმოება სხვადასხვა რელიეფზე.

წვრთნების სცენარის თანახმად,  აშშ-ს ოთხი შტატის პორტიდან ევროპის 6 ქვეყნის მიმართულებით სამხედრო ტექნიკა დაიძვრება. სამხედრო მოსამსახურეები მასპინძელ სახელმწიფოებში  გაშლიან ბაზებს და სხვადასხვა ტიპის სამხედრო მოქმედებათა თეატრზე ჩაატარებენ წვრთნებს.

იმისათვის, რომ აღნიშნული წვრთნების მასშტაბი უფრო თვალსაჩინო გახდეს, აშშ-ს არმია რამოდენიმე ფაქტს აქვეყნებს: აშშ-დან 20 000 სამხედრო მოსამსახურე დაიძვრება და არმიის სარეზერვო ბაზებიდან 13,000 ერთეულ სხვადასხვა ტექნიკას გადაიტანს. გარდა ამისა, წვრთნებში ჩაერთვება კიდევ 9, 000 ევროპაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედრო. ეროვნული გვარდიის მხრიდან 7,000 სამხედრო იქნება ჩართული 12 შტატიდან და 6 აქამდე არსებულ ფართომასშტაბიან წვრთნებს გააერთიანებს. ჩართულები იქნებიან ასევე ამერიკელი რეზერვისტებიც. ასეთი მასშტაბის წვრთნები უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში აშშ-ს არ განუხორციელებია. როგორც აშშ არმიაში აცხადებენ, „უკანასკნელი წლებში აშშ სამხედროების ძირითადი კონცენტრაცია და მიღწევები სამხედროებისა და ქვედანაყოფების ტაქტიკურ მზადყოფნაზე იყო. ახლა კი, დადგა დრო, ყურადღება სტრატეგიულ მზადყოფნაზე გაკეთდეს. სტრატეგიული მზადყოფნა გულისხმობს აშშ სამხედროების შესაძლებლობას  უმოკლეს დროში გადაისროლოს ძალები და ჩამოაყალიბოს თეატრი ძალების მობილიზებისა და გადასროლისთვის, კრიზის დროს მათი უზრუნველყოფისთვის და უკან გადასროლისთვის მისიის შესრულების შემდეგ“

როდის დაიწყება წვრთნები საქართველოში, რომელ ბაზებზე და რომელი ქვედანაყოფებით – ეს დეტალები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. ფაქტია, რომ განაცხადი უკვე გაკეთებულია და ეს განაცხადი თავის მხრივ,  უკვე არის პასუხი იმაზე, თუ რა კურსით აპირებს სახელმწიფო უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას.