მყიფე მშვიდობა
მყიფე მშვიდობა

10 პუნქტიანი გეგმა და რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრული საზღვრის გასწვრივ, სტატუს-კვო და „მშვიდობიანი გზებით კონფლიქტების მოგვარების მცდელობა“, ერთი შეხედვით, არც მოულოდნელია და არც მყარი მშვიდობის გარანტი.  დაძაბულობა თუ შეიარაღებული კონფლიქტები, საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთება, სანქციები, მოლაპარაკებები – ეს პროცესები, უკანასკნელი წლებია, განხილვების თუ მოლაპარაკებების თითქმის ერთადერთი საგანია, თუმცა,  სამწუხაროდ,  ბევრი მსგავსი პროცესი სცდება მხოლოდ  თურქეთსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებს  და მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობა ფიზიკურად შენარჩუნებულია, არაბული სამყარო ჯერ კიდევ რჩება  საერთაშორისო თანამეგობრობის დაკვირვებისა და შეშფოთების ობიექტად: ლიბია, ლიბანი,  ერაყი, ეგვიპტე –  ეს ჩამონათვალი, ჯერჯერობით, არ მცირდება. არ მცირდება ასევე,შეიარაღების ახალი სისტემებით აღჭურვა, რაც მშვიდობის იმედს უახლოეს მომავალში სულაც არ იძლევა და  ჯერჯერობით, მხოლოდ იმის ვარაუდია შესაძლებელი, თუ რა  იქნება ახალი კონფლიქტის მიზეზი.

„Defense Arabic“-ას ინფორმაციით, ეგვიპტეს საჰაერო ძალები  ახალი საბრძოლო მასალებით აღიჭურვა, რომელთა საშუალებით შესაძლებელი ხდება მტკიცე კონსტრუქციების, მაგალითად, რკინა-ბეტონის მასიური დამბის დაზიანება. საუბარია ჰაერი-მიწის ტიპის მოდულზე SBU-64 „ჰამერზე“, ინფრაწითელი თვითდამიზნების საშუალების მქონე ბომბებზე, რომელსაც შორ მანძილზე მასიური შენობების განადგურება შეუძლია.  აღსანიშნავია, რომ ფრანგული წარმოების მოდულები უკვე გამოიყენებოდა ბრძოლებში შორ მანძილზე განლაგებული სამიზნეების გასანადგურებლად და მათი საშუალებით ხდებოდა კიდეც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შენობების განადგურება.

რამოდენიმე თვის წინ, ეგვიპტემ ასევე მიიღო, სულ ცოტა, 50 ევროპული წარმოების ფრთოსანი რაკეტა „სთორმ შედოუ/სკალფ“, რომლებიც განკუთვნილია „რაფაელის“ ავიაგამანადგურებლებისათვის. ამ რაკეტებით იგეგემება ეგვიპტური „მიგ“-ების აღჭურვაც.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მთელი ეს მზადება განპირობებულია შეუთანხმებლობით, რომელიც ეგვიპტესა და ეთიოპიას შორის არსებობს ეთიოპიაში მშენებარე „ჰიდასე“ (აღორძინება) ჰიდრო-ელექტრო სადგურის გამო. ჰესის მშენებლობა 2011 წლიდან მდინარე ლურჯ ნილოსზე, ნილოსის მარჯვენა შენაკადზე მიმდინარეობს და პროექტის მიხედვით, კონტინენტის უდიდეს საინჟინრო ნაგებობას წარმოადგენს. თუმცა ეგვიპტეს მიაჩნია, რომ ჰესის რეზერვუარის შევსება რეგიონში წყლის რესურსების მკვეთრ დისბალანსს გამოიწვევს, რის შედეგად დაზარალდება მილიონობით ეგვიპტელი და ასევე ზარალი მიადგება სუდანს.

2015 წელს, ეგვიპტე, ეთიოპია და სუდანი შეთანხმდნენ ნილოსის წყლების ექსპლუატაციის პრინციპებზე, თუმცა უთანხმოებამ თავი იჩინა წყალსაცავის შევსების ტემპებთან დაკავშირებით.

ექსპერტების ვარაუდით, თუ შეთანხმება ვერ შედგება, როგორცა ჩანს, ეგვიპტე სერიოზულად განიხილავს დამბის განადგურების სამხედრო ვარიანტს. ჯერ ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, ან ვინ არის მზად რომ დაუშვას ამდაგვარი ნგრევა რეგიონში, სადაც, თითქოს,  ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ ერთი რამ ცხადია: როგორცა ჩანს, შევაბიჯეთ ეპოქაში, სადაც წყლის რესურსების განაწილებისთვის ომები პოლიტიკის დასაშვებ ინსტრუმენტად იქცევა.

შევნიშნოთ, რომ მსგავსი დაძაბულობის კერები ასევე გამოკვეთილია ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში (თურქეთის სამეზობლო) და არაა შორს არც ის დღე, როდესაც პოლიტიკური ორომტრიალის ეპიცენტრად წყლის კავკასიური მარაგები იქცევა.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.