ძალთა განლაგება სირიაში
ძალთა განლაგება სირიაში

სირიაში მიმდინარე მოვლენები შეშფოთების მიზეზს ნამდვილად იძლევა. თეთრი სახლის გადაწყვეტილებამ კონფლიქტის ზონიდან ძალების გაყვანის შესახებ, ის უკანასკნელი ბარიერიც მოხსნა, რაც თურქეთს პირდაპირი ქმედებებისგან აკავებდა არ ახორციელებდა რა ამერიკელ სამხედროებზე პირდაპირი იერიშს. ის ფაქტი კი, რომ აშშ ავიაციამ საკუთარი იარაღის საწყობები დაბომბა, იმაზე მიუთითებს, რომ თეთრი სახლის გადაწყვეტილება სპონტანური იყო: როგორც წესი ძალების გაყვანა ხანგრძლივი და კომპლექსური ოპერაციაა, რომლის ფაზები და თანმიმდევრობა  საკმაოდ დეტალურად არის გაწერილი, საოპერაციო ბრძანების სახით გაიცემა და  ამ ოპერაციის ხანგრძლივობა იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა რაოდენობის კონტინგენტის გაყვანაა გათვალისწინებული.

რაც არ უნდა სპონტანური და მოულოდნელი ყოფილიყო მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარი, ისიც ფაქტია, რომ რუსეთმა არ დააყოვნა, „აღშფოთდა“, „შეშფოთდა“ და თურქეთსა და სირიას შორის კონფლიქტს „დაუშვებელი“ უწოდა ,  მისი თავიდან აცილებაც ითავა და როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, სამხედროებმა უკვე დაიწყეს პატრულირება თურქეთისა და სირიის არმიების გამყოფი ხაზის გასწვრივ.  „ვოენნოე ობოზრენიეს“ ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა განახლებული ინტერაქტიული რუკა სირიაში ძალების ახალი განლაგების შესახებ, სადაც ასახულია ის ცვლილებები, რომლებიც აშშ სამხედრო კონტინგენტის გაყვანითა და თურქეთის  სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში  შეჭრითაა გამოწვეული. რუკაზე ნაჩვენებია რაიონები, რომელიც დაექვემდებარა სირიის სამთავრობო ძალების კონტროლს. ამ მონაცემებით, დამასკოს კონტროლის ქვეშ გადავიდა ქალაქი მანბიჯი, ტაბკის შემოგარენი, აეროდრომი, სამი ხიდი და ორი ჰესი.

ამჟამად, სირიის სამთავრობო ძალებსა და თურქეთის არმიას, რომელსაც მხარს უჭერს სირიის თავისუფალი არმია , ერთმანეთისაგან რუსეთის სამხედრო პოლიციის პატრული აშორიშორებს.  უნდა ითქვას ისიც, რომ აშშ კონტინგენტი გასულია დისლოკაციის ადგილებიდან დასახლებულ პუნქტებში დაათი და უმ-მიალი (მებიჯის ჩრდილო-დასავლეთი) და გეზი ერაყის მიმართულებით აქვს აღებული.  ეს დასახლებული პუნქტები ასევე  სირიის სამთავრობო ძალებმა დაიკავეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ს კონტინგენტი, სავარაუდოდ, მეზობელ არაბულ სახელმწიფოებში განთავსდება. საუბარია ერაყზე, ქუვეითზე და შესაძლოა, იორდანიაზეც.  ქურთების საინფორმაციო სააგენტოს „ფირათ“-ის ცობით, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ რას-ელ-საინის რაიონში, ქურთთა მებრძოლებმა შეაჩერეს თურქეთის სატანკო ბრიგადის შეტევა. თითქოს დაღუპულია 75 თურქი მებრძოლი და განადგურებულია 7 ჯავშანმანქანა. სააგენტოს ცნობით, განადგურებულ მებრძოლთა ლომის წილი მოდის ქურთი ქალების შენაერთზე, რომელშიც 5000-მდე, სრულად და უახლესი შეიარაღებით აღჭურვილ მებრძოლია.

 

ვითარება, რა თქმა უნდა, დაძაბულია და არა მხოლოდ  საბრძოლო ფრონტზე. თურქეთისა და რუსეთის შესაძლო ალიანსი არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში შეცვლის პოლიტიკურ ამინდს – ეს ამინდი შეიცვლება შავი ზღვის აუზის, განსაკუთრებით კი ამ აკვატორიის ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვისაც. რუსეთისა და თურქეთის ალიანსი ამ ქვეყნებისთვის შავ ზღვაზე ძალთა ბალანსს საბოლოოდ, მათ საწინააღმდეგოდ გადაწონის და ძნელი სათქმელია, რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ჯერჯერობით ასევე ძნელი სათქმელია, თუ რა შედეგით დამთავრდება აშშ-თურქეთისა და მოგვიანებით, თურქეთ-რუსეთის უმაღლეს პირთა შეხვედრები. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ „მშვიდობის წყარო“ ახლო აღმოსავლეთში, ჯერჯერობით  მხოლოდ უფრო დიდი დესტაბილიზაციის წყაროა.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.