მუხრან შუკვანი - ISAF-ის პირველი ქართველი გმირი

„მინდა უკვდავი ვიყო!!! ვიცხოვრო მაშინაც კი, როცა დედამიწაზე გარდავიცვლები“ – უკვდავების ამ ზღვარს, როგორც წესი, გმირები გადადიან, სწორედ ისეთები, როგორიც ამ სიტყვების ავტორი  მუხრან შუკვანია – პირველი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ავღანეთის ISAF-ის მისიაში დაიღუპა.

მუხრან შუკვანი სვანეთში, ლენჯერში დაიბადა. იქვე დაამთავრა სკოლაც და შემდეგ სწავლა სამხედრო აკადემიაში გააგრძელა.  აკადემიაში მის ლექტორებს და თანაკურსელებს მუხრანზე რამეს თუ კითხავთ, ბევრ სხვადასხვა ამბავს გაიგებთ, თუმცა ერთი საერთო სიტყვა აქვს ყველას – მამაცი. მუხრანი კარგი ოფიცერი იყო. არასოდეს სთხოვდა ჯარისკაცს იმას, რისი გაკეთებაც თავად ან არ შეეძლო ან არ სურდა და მზად იყო, ნებისმიერ მათგანს გადაჰფარებოდა. დაამტკიცა კიდეც  – ჯარისკაცების გადარჩენის მცდელობისას იმსხვერპლა სნაიპერის ტყვიამ:  „რომ არა ის, ხუთი-ექვსი კაცი მოვკვდებოდით იმ დღეს“ – ასე იხსენებენ სერჟანტები 2010 წლის 5 სექტემბერს – დღეს, როდესაც მუხრან შუკვანი ჰელმანდის პროვინციაში, საბრძოლო ამოცანის შესრულებისას  დაიღუპა.

აკადემიის დამთავრების შემდეგ, პირველადი წოდებით ლეიტენანტი, მუხრან შუკვანი ოცმეთაურად გაანაწილეს და 2006 წელს მისი ქვედანაყოფი ერაყში, ბაქუბაში, სამშვიდობო მისიით გადაისროლეს. 6 თვიანი მისიის დასრულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულმა, მესამე ბრიგადაში განაგრძო სამსახური და სულ მალე, 2008-ში საბრძოლო ნათლობა უკვე საკუთარ მიწაზე მიიღო. მაშინ დაიჭრა კიდეც, თუმცა სახლში ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და რომ არა თავდაცვის სამინისტროდან გაგზავნილი უწყება, ალბათ,არც ეს ეცოდინებოდა ოჯახს კიდევ დიდი ხანი. მშობლებმა არც ის იცოდნენ, რომ მუხრანის ქვედანაყოფი პირველი იყო, რომელიც ISAF-ის მისიისთვის შეირჩა და მათი შვილი ამ ბატალიონში ბრავო ასეულს მეთაურობდა. ესეც შემთხვევით და ამჯერად, ტელევიზიით გაიგეს.

ბატალიონმა წვრთნების პირველი ეტაპი საქართველოში გაიარა. შემდეგი, შეფასების ეტაპი კი გერმანიაში, ჰოჰენფელსის საწვრთნელ ბაზაზე. მისია საკმაოდ რთული იყო და შესაბამისად, წვრთნებისთვისაც ურთულესი პირობები შეირჩა. ასეულის და ბატალიონის დონის მანევრი და პროცედურები ამოცანის მიღებიდან მის განხორციელებამდე  – ყველაფერი ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედროებთან თავსებადი უნდა ყოფილიყო. წვრთნებისა და შეფასების წარმატებით დასრულების შემდეგ, 2010 წლის აპრილში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი ავღანეთის სამხრეთით მდებარე ჰელმანდის პროვინციაში  ექვსი თვით გაიგზავნა. როტაციის წესით, იგივე ბრიგადის 32-ე ბატალიონს შუკვანის ქვედანაყოფი ოქტომბერში უნდა შეეცვალა და 5 სექტემბერს, როტაციამდე ერთი თვით ადრე, როდესაც უფროსი ლეიტენანტი დაიღუპა, გერმანიაში, ჰოჰენფელსის საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა.

მუხრანის დაღუპვის ამბავი ოჯახს თავდაცვის სამინისტრომ შეატყობინა. საზოგადოებაში მაშინ  ორად იყო გაყოფილი აზრი, თუ რატომ უწევდათ ქართველ სამხედროებს ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში, ჰელმანდში სამსახური და ალბათ, ამიტომაც, ქართველ ოფიცერს  სათანადო პატივი უწყებამ – არ, ხოლო საზოგადოებამ  – ვერ მიაგო. ავღანეთში სამხედრო ბაზისგან განსხვავებით, ძალიან ბევრი წელი დასჭირდა იმასაც, რომ სვანეთის ერთ პატარა სოფელში, ქუჩას, სადაც შუკვანი ცხოვრობდა, მისი სახელი მინიჭებოდა.

დღეს ის სახლი, სადაც უფროსი ლეიტენანტი შუკვანი ცხოვრობდა, აღარ არსებობს – დაიწვა. ხანძარმა არც მისი ფორმა და ორდენები დაინდო, დაიწვა მუხრანის ჩანაწერების დღიურიც, რომელიც ოჯახის წევრებმა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ აღმოაჩინეს და ახლა მხოლოდ ის სახელი დარჩათ, რომელმაც მუხრან შუკვანს ნაოცნებარი უკვდავება მიანიჭა.

31 იანვარს უფროს ლეიტენანტ შუკვანს 38 წელი შეუსრულდებოდა.

 

დატოვე კომენტარი