კადრს მიღმა დარჩენილი ამბები

რედაქტორის წინასიტყვაობა

პირველი სატელევიზიო სიუჟეტის გაკეთება მეც აფხაზეთის ომგამოვლილ ბიჭებზე მომიწია. ყველაზე მეტად მაშინ  რესპოდენტების ინტერვიუს „დაჭრა“ გამიჭირდა – ყველა სიტყვა და ამბავი მენანებოდა, არადა, ქრონომეტრაჟი ყოველთვის შეზღუდულია. მე ჟურნალისტიკა არ მისწავლია და როდესაც ისე მოხდა, რომ ჟურნალისტად მუშაობა დავიწყე, მაშინ ვიფიქრე, რომ ყველაზე დიდი დილემა სწორედ რომ დრო და ქრონომეტრაჟი იქნებოდა ჩემთვის….

ომზე ისტორიები მხოლოდ მოსასმენად არის ამაღლებული. განსაცდელად და მოსაყოლად – არა. ძნელია ისაუბრო იმაზე, რასაც სიამოვნებით დაივიწყებდი და უფრო ძნელია დამარცხების განცდის ხელახლა „გადაყლაპვა“. თუმცა სწორედ ეს მონათხრობი ქმნის ისტორიას, რაც ოდესღაც წიგნად დაიწერება და ამიტომაცაა აუცილებელი.

ამბავი, რომელიც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა სოფო მთივლიშვილმა მოგვითხრო, ბევრმა თქვენგანმა, ალბათ, უკვე ნახა „ახალი კვირის ეთერში. ამბავი ადამიანებზე, რომლებმაც მოიპოვეს და შეინახეს ის, რაც ისტორიის წიგნებში უნდა დაიწეროს. თუმცა, ისევე, როგორც ყველა სხვა რეპორტაჟში, აქაც დარჩა კადრს მიღმა რაღაც, რაზეც  სოფოს გული დაწყდა. მეც. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, ეს ამბები სხვა სივრცეში, მაგრამ, მაინც მოგიყვეთ. აქვეა სოფოს სიუჟეტიც და შესაბამისად, ზედმეტია უფრო დიდი შესავლის გაკეთებაც. უბრალოდ, ნახეთ და წაიკითხეთ ამბავი თანამედროვე მემატიანეებზე, რომელიც ერთი რეპორტაჟის ქრონომეტრაჟმა ვერ დაიტია.

 

დათო ბოლქვაძე

„არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ“

პირველი არხის არქივი დათო ბოლქვაძის გადაღებულ უამრავ კადრს ინახავს. ერთი თვით გადაღებებზე წასული დათო იქ სამი თვით დარჩა. აფხაზეთის ომს გადაურჩა. მაგრამ მერე, 1993 წლის 28 ოქტომბერს, ის  სამეგრელოში დახვრიტეს. „არ მესროლოთ, ჟურნალისტი ვარ“  – უთქვამს დათოს.

ესროლეს. 

დღეს დათო ბოლქვაძის სახელი აშშ-ში, ცხელ წერტილებში მომუშავე, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს დაღუპული ჟურნალისტების მემორიალზეა დატანილი. იქვეა წარწერაც:  „მე ვიდექი, როცა სხვები გარბოდნენ, მე ვასრულებდი ჩემს მოვალეობას“.

დათო ბოლქვაძის ოჯახის წევრებისთვის განსაკუთრებით მძიმეა მასზე საუბარი. ჩვენ მის დას, თამარს ვესაუბრეთ.  

– ჩემი ძმა  აფხაზეთის ომში ისე წავიდა, რომ სახლში არაფერი უთქვამს,  პირდაპირ სამსახურიდან, ტელევიზიიდან წავიდა.  ერთი თეთრი ჯინსი ეცვა და კუბოკრული პერანგი.  ერთი ღამე რომ არ გამოჩნდა, ჯერ მეგონა, რომ მეგობართან დარჩა. მეორე დღეს ძალიან ავფორიაქდით ოჯახის წევრები. დავიწყეთ  ძებნა. სახლში ტელეფონმა დარეკა და  მესმის ასეთი ფრაზა: დათოს ტანსაცმელი…  მეტი აღარ მესმის არაფერი, ყურმილი გამივარდა ხელიდან, მეგონა, რომ  დაიღუპა და ალბათ ტანსაცმელი უნდა გავაგზავნო-მეთქი .   ვინც დარეკა,ეტყობა, მიხვდა, რომ შეგვეშინდა და ყურმილში ყვიროდა, ნუ გეშინიათ, გამოსაცვლელ ტანსაცმელს ვგულისხმობდი, ცოცხალიაო.  ტელევიზიაში მოვლენ ბიჭები და ტანსაცმელი გამოატანეთო.  დათო  იქ ერთი გადაღებისთვის წავიდა, მაგრამ  სამი თვე დარჩა.

ერთხელ, როდესაც  აფხაზეთიდან ჩამოვიდა, თან ჩამოიყვანა  ტანკისტი, მეტსახელად მალაშა. სამწუხაროდ,  მისი სახელი და გვარი არ მახსოვს. მას ყველა მოუკლეს ამ  ომში, არ დარჩა ოჯახის არცერთი  წევრი.  დედით აფხაზი იყო, მამით რუსი და ეს ტანკისტი ბიჭი ქართველების მხარეს იბრძოდა.  დათომ შეიფარა. თბილისში, უკვე ჩვენს სახლში, საღამოს ჩაისთან ერთად,  სანთლის შუქზე,   მალაშა  სოხუმის ამბებს გვიყვებოდა,  მშვიდობიან აფხაზეთს იხსენებდა.  იხსენებდა ბავშვობას, მეგობრებს და ერთი სიტყვით არ ახსენებდა ომს.  მე  სოხუმში ნამყოფი არ ვარ და ეს ქალაქი მალაშას მონაყოლით გავიცანი.  ისიც მშვიდობიანი სოხუმი იყო

დათოს უჭირდა, ზოგადად ,ამ თემაზე საუბარი, აღარ ლაპარაკობდა, უფრო გულჩათხრობილი გახდა.  ძალიან მაღალი იყო ჩემზე და სულ  ფეხის წვერებზე ვიწეოდი ხოლმე, რომ კისერში მეკოცნა.  ჩამოვეკიდებოდი ხოლმე კისერზე და ვთხოვდი, რომ მომიყევი რაც ნახე-მეთქი,  რა შეგემთხვა, რა გადაიტანე. ძალიან მშვიდად მიპასუხა, ამას ჩემი კასეტა მოგიყვებაო და მანახა სამი სამ საათიანი კასეტა.   ამ მასალით დოკუმენტური ფილმის გაკეთება სურდა.  მეუბნებოდა, რომ იქ ყოფნისას ერთი თვის შემდეგ, ვგრძნობდი, რომ ფეხის გულები მეწვოდაო,  ვგრძნობდი, როგორ ვკარგავდით ჩვენს მიწა- წყალსო“

პირველი არხის გადაცემა „საღამო მშვიდობისას“ თითქმის მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ომგამოვლილია. მათ შესახებ ცოტამ თუ იცის და ჩვენც მის წამყვანსა და რეჟისორს – მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ, მოეყოლა, როგორი იყო მათი ომი. ინტერვიუ ვრცელი გამოვიდა, თუმცა ეკრანს მიღმა აქაც დარჩა ამბავი მალხაზ კაკოიშვილზე,  გოგა ჭყონიაზე, გაუთხრელ სანგარზე და  გოგა პოპიაშვილზე…

–  ჩვენ, ჟურნალისტებს, ერთი პატარა სახლი გვქონდა სინორში, იქ ყველაფრის  ბატონ -პატრონი  მალხაზ კაკოიშვილი იყო, პირველი არხის თანამშრომელი , ოპერატორი. მალხაზი ბაბუსავით იჯდა იმ სახლში და ახალი ჩამოსულებისთვის საჭმელი ჰქონდა შენახული; არყის ულუფაც, ისიც ახალი ჩამოსულებისთვის. როდესაც ჩვენ ჩავედით, მალხაზი დაგვხვდა. დაგვაპურა  და მახსოვს ერთი  საოცარი კადრი, როდესაც ჭურვი აფეთქდა აივანთან. ზუსტად ამ დროს  მალხაზი   არყის მოხუფულ ქილას ხსნიდა.  დარტყმის ტალღამ ჩვენ ყველანი აქეთ იქით გადაგვაგდო,  ცოტა ხატოვნად ვამბობ, რა თქმა უნდა – ჰაერში მივფრინავ და ვხედავ, რომ მალხაზი ისევ ნელა ხსნის ამ არყის ქილას…. დავარდა … ქილა  კი ისევ მთელი იყო.

არ დამავიწყდება  კადრი –  მე და გოგა ჭყონია სოფელ შრომაში  ვიყავით. დავინახეთ,  ტყვეები  ყავდათ გამოყვანილი – ქართველები, ჯარისკაცები.  ნიჩბები მისცეს, რომ სანგრები გაეთხარათ. ეს კადრი ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება –  ერთ-ერთმა სანგრის გათხრა არ მოინდომა და ნიჩაბი გადააგდო. ამის გამო აწამეს. ვხედავდით, მაგრამ ვერაფერს ვშველიდით.  ჩვენ თვალწინ დახვრიტეს.   მაინც არ აიღო ნიჩაბი.   ჩემთვის ეს, ქართველთა ვაჟკაცობის სიმბოლო იყო, მე იქ იმდენი ვაჟკაცობა ვნახე, იმის ნახევარი ერის  ენერგიაში რომ იყოს აკუმულირებული, ჩვენ სხვანაირი ქვეყანა გვექნებოდა.

გოგა პოპიაშვილი

გოგა პოპიაშვილი სიცოცხლის ბუჩქი იყო,  ომი იყო –  ომში იყო, მიტინგი იყო – მიტინგზე იდგა, როგორც ჟურნალისტი კი არა , ომში – ჯარისკაცად ,  მიტინგზე – მომიტინგედ.   ბარიკადის აგება თუ იყო საჭირო –  ააგებდა, საჭირო იყო ქუჩაში აქეთ იქით სირბილი – მალემრბოლელივით დარბოდა,  საჭირო იყო ჟურნალისტიკა – დაიწყებდა წერას. როცა ვეკითხებოდი,  გოგა, რას აკეთებ რა ამბავში ხარ? „ ქვეყანას ახლა ასე სჭირდება და აქ უნდა ვიყოო“.  დამინახავს, რომ ჩემს თითქოს გვერდით მყოფი გოგა უცებ ტანკზე ზის, ვიღაცას ეხმარება,  ყველას მოწყენილი სახე აქვს და გოგას – მაინც ღიმილიანი, ჩაიარა  ამ  ტანკმა და მოდის უკან მანქანა, სადაც სამედიცინო პერსონალია –  გოგას სამხედრო ფორმა კი აღარ აცვია, აცვია თეთრი ხალათი და იქ ზის. მისი სიკვდილი უზარმაზარი სიცარიელე იყო.“

 

საქართველოს პირველი არხის კიდევ ერთი თანამშრომელი პაატა ქიტუაშვილი აფხაზეთის ომში დაიღუპა. მისი ამბავი შვილმა- ვანიკო ქიტუაშვილმა მოგვითხრო. შვილიც პირველ არხზე მუშაობს და როგორც თავად ამბობს, ეს არჩევანი მამის პროფესიამ განაპირობა. 93-ში ვანიკო 8 წლის იყო და მართალია ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც ახსოვს, როგორ წავიდა მამა ომში თუმცა  არა პროფესიული ვალის მოსახდელად. 

პაატა ქიტუაშვილი

 

 

– 1992 წლის აგვისტოს თვე იყო, მე, დედა და ჩემი ძმა ვიყავით კახეთში.  მამა ჩამოვიდა იმის სათქმელად, რომ  აფხაზეთში მიდიოდა.  მახსოვს ეს ამბავი. 8 წლის ვიყავი, მაგრამ ეს ფრაგმენტები მახსოვს. ყველას უთხრა, ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, მოუბოდიშა კიდეც.  ყველაზე მნიშვნელოვანი კადრი რაც მახსოვს, მაგისტრალზე, როდესაც  თბილისში მიმავალ ავტობუსში ადიოდა:  წავიდა და უკან დაბრუნდა რამდენიმე წუთის შემდეგ, კვლავ დასამშვიდობებლად.  ბოლო კადრი რაც მახსოვს, როგორ ესაუბრებოდა დედას.  28 აგვისტოს წავიდა და 19 სექტემბერს გარდაიცვალა.    მამა სადესანტო ძალების თადარიგის ოფიცერი იყო. მოხალისედ წავიდა და მოგვიანებით, უკვე ფრონტზე რომ იყო, უწყებაც მოუვიდა.   სხვათა შორის ვიდრე წავიდოდა, დედამ და დეიდამ კითხეს, რას ეუბნებოდა მის ორ შვილს ომში რომ მიდიოდა. „როცა გაიზრდებიან ჩემი შვილები, რა უნდა ვუთხრა, გამათბობელთან ვიჯექი და ჭიქა ჩაის ვსვამდი, როცა ქვეყანას ასე უჭირდაო?“-  უპასუხია მამას.

ვანოს ამ თემაზე საუბარი უჭირს. თუმცა, ხანდახან, სიტყვაზე მეტს სიჩუმე იტევს. ასეთი სიჩუმე მასთან საუბარში ბევრი იყო, ამიტომაც, ვიფიქრე, დანარჩენი, რაც სიჩუმეს შორის ითქვა, აქ მომეთხრო თქვენთვის.