თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ქართული პანორამის საკონკურსო პროგრამაში რეჟისორ ნანა ჯანელიძის ახალი მხატვრული ფილმის, „იარე, ლიზა“ ჩვენება გაიმართა.

ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტი ქალია, რომელიც 25 წლის წინ რეპორტიორად მუშაობდა აფხაზეთის ომში. ამჟამად ის ცნობილი ტელეწამყვანია, რომელიც პირდაპირ ეთერში იღებს ზარს აფხაზი მეომრისგან. ეს ზარი მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდება, რის შემდეგ ლიზა იწყებს გრძელ გზას, რათა მნიშვნელოვანი სათქმელი მიიტანოს აფხაზ მეომრამდე. სცენარს საფუძვლად უდევს მისი თანაავტორის, ლია ტოკლიკიშვილის გამოცდილება, რომელიც აფხაზეთის ომის დროს თავად იყო ომის რეპორტიორი.

„იარე, ლიზა“ საქართველოსა და ბულგარეთის კოპროდუქციაა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ეკატერინე ტოგონიძე და ნინა ერაძე.