კლასიკური მანევრი - ნაწილი მეორე
კლასიკური მანევრი - ნაწილი მეორე

 ირიბი შეტევა

ამ სამანევრო სტრატეგიის არსია მოწინააღმდეგის ერთი ფრთა მოვაქციოთ თანდათანობით მზარდი პრესის ქვეშ, სანამ ის ამ ზეწოლისაგან რღვევას არ დაიწყებს. ამავდროულად, მცირე ძალებით მოწინააღმდეგეს ვაბამთ ფრონტის მთელ სიგრძეზე, რათა მან ვერ შეძლოს თავისი პოტენციალის ამოქმედება იქ, სადაც ძირითადი მოვლენები ვითარდება.

ისტორიული მაგალითი

ირიბი შეტევა

ითვლება, რომ აღნიშნული მანევრი ეპამინონდმა (ძვ.წ. IVს.) შემოიღო. თუმცა, გამოყენების თვალსაზრისით, თავის სრულყოფას მან შვიდწლიანი ომის დროს მიაღწია, როდესაც ფრიდრიხ დიდმა ის რამოდენიმეჯერ ბრწყინვალედ გამოიყენა როსბახლოიტენის კამპანიის დროს (1757). ამ კამპანიის ბრძოლებიდან ყველაზე თვალსაჩინო ლოიტენის ბრძოლაა, რომელსაც ნაპოლეონმა მანევრისა და სითამამის შედევრი უწოდა.

ლოიტენის ბრძოლაში მონაწილე ძალების შეფარდება თითქმის ორი – ერთთან იყო, ავსტრიული ძალების სასარგებლოდ, რომლებსაც ლოტარინგიის პრინცი კარლ და გრაფი ფონ დაუნი მართავდნენ. მათი ფრონტი, რომელიც დასავლეთზე იყო ორიენტირებული, სიგანეში რვა კილომეტრს აღწევდა. ორივე ფლანგს კავალერია ფარავდა, ხოლო რეზერვი მარცხენა ფლანგის უკან იყო განლაგებული, რათა ფრიდრიხ დიდის საფლანგო შეტევას ძლიერი ფლანგით დახვედროდნენ. რაც შეეხება მარჯვენა ფლანგს, აქ პრობლემები ნაკლებად იყო მოსალოდნელი, ვინაიდან იგი ჭაობს ებჯინებოდა და შეტევა ამ მხრიდან არარეალური ჩანდა. ბრძოლა რომ დაიწყო, ავსტრიელებმა აღმოაჩინეს, რომ ფრიდრიხ დიდმა თავისი კოლონები სწორად მარჯვენა ფლანგის მიმართულებით გამართა. მათ სასწრაფოდ იწყეს არსებული რეზერვით მარჯვენა ფლანგის გაძლიერება და შესაბამისად, დაასუსტეს მარცხენა ფლანგი. ვიდრე ბრძოლა რეალურად დაიწყებოდა, ფრიდრიხ დიდმა შეძლო შეტევაზე გადასული ძალების ნაწილი ფარულად ისევ მარცხენა ფრთაზე გადაეყვანა და მათი მეშვეობით ირიბი შეტევა განეხორციელებინა. თანდათანობითმა წნეხმა ავსტრიული ძალების სრული რღვევა გამოიწვია.

კომენტარი

ლოიტენის ბრძოლა რამოდენიმე საყურადღებო გარემოებას შეიცავს. პირველი გახლავთ ის, რომ ვიდრე ფრიდრიხ დიდი თავის ძირითად ჩანაფიქრს –  მარცხენა ფლანგზე ირიბი შეტევა – განახორციელებდა, მან სამხედრო ეშმაკობას მიმართა, რომელიც ფინტის სახელწოდებითაა ცნობილი და ცრუ მანევრს წარმოადგენს. რატომ დაჭირდა მას მანევრის ამდაგვარად გართულება? საქმე იმაშია, რომ მოწინააღმდეგის ბრძოლის წინა განლაგება საკმაოდ ლოგიკური გახლდათ იმისათვის, რომ გათვლადი არ ყოფილიყო. ავსტრიელები იცნობდნენ ფრიდრიხს და მშვენივრად იცოდნენ, რომ ძალთა სიმცირის გამო ის ვერ შეძლებდა ცენტრის გარღვევას, ამიტომაც არც ეცდებოდა. შედეგად, მისი ძირითადი სამიზნე და შეტევის ობიექტი აუცილებლად ფლანგი უნდა გამხდარიყო. აქაც არჩევანი ფაქტიურად წინასწარ იყო განსაზღვრული:  ფრიდრიხი იმ ფლანგს შეუტევდა, რომელიც შეტევისათვის უფრო ხელსაყრელ გეოგრაფიულ გარემოში განლაგდა. ასეთი კი ავსტრიელთათვის მარცხენა ფლანგი გახლდათ. მარჯვენას ბუნებრივი წინაღობა ფარავდა. ამიტომ ავსტრიელებმა მარცხენა ფლანგის რეალურ გაძლიერებაზე იზრუნეს და რეზერვიც მის უკან განალაგეს. აღნიშნული საბრძოლო წყობა, რომელსაც, საბოლოო ანგარიშით, არა მარტო ფლანგის დაცვა და დაფარვა შეეძლო, არამედ კონტრშტევისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაც, მეტად ბუნებრივი ჩანდა. რაც მთავარია, ის სწორ გათვლაზე იყო დამყარებული. ეს რომ ასე და არა სხვანაირად იქნებოდა, ფრიდრიხ დიდისთვისაც საკმაოდ ნათელი უნდა ყოფილიყო. ამ ვითარებამ მისი თავდაპირველი ამოცანა გაართულა: ძალების სიმცირე საშუალებას არ იძლეოდა რომ ძლიერი ფლანგისთვის შეეტია. ხოლო სუსტი ფლანგი რეალური დარტყმისთვის მიუწვდომელი გახლდათ. ამიტომ, მას ჯერ უნდა მოენახა გზა, თუ როგორ დაესუსტებინა ძლიერი ფლანგი მანამ, სანამ ბრძოლა დაიწყებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ძირითად შეტევაზე ფიქრი.

ამ ვითარებამ საბოლოოდ განსაზღვრა ბრძოლის სქემა: ფრიდრიხ დიდი დემონსტრაციულად იწყებს ძალების გადალაგებას სუსტი ფლანგის მიმართულებით (ცრუ მანევრი, ფინტი). მისი რეპუტაცია მას საშუალებას აძლევს ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინოს მოწინააღმდეგეზე და შეცდომა დააშვებინოს. შედეგად, ფრიდრიხ დიდის მოსალოდნელი შეტევა რეალურ მოულოდნელობად იქცა ავსტრიელთათვის.

გარდა მანევრირების ხელოვნებისა, ლოიტენის ბრძოლა ასევე საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში თვალნათლივ ჩანს, თუ რა როლი შეუძლია შეასრულოს ბრძოლის დროს გეოგრაფიულ ფაქტორთა სწორად გამოყენებას. საერთოდ, კარგია, თუ დავიმახსოვრებთ, რომ გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური ფაქტორები გაცილებით დიდ როლს თამაშობს სამხედრო საქმეში, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

და ბოლოს, ლოიტენის ბრძოლა კარგი მაგალითია იმისა, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ბრძოლის სწორად აგებისათვის მოწინააღმდეგის ლიდერშიპის ცოდნას.

 რა უნდა გვახსოვდეს

ირიბი შეტევის წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, მოახერხებს თუ არა მოწინააღმდეგე შეტევის მთავარი მიმართულების წინააღმდეგ დამატებითი ძალების მოზიდვას, თუნდაც ფრონტის სხვა მონაკვეთების დასუსტების ხარჯზე. ამიტომ მისი ძალები ფრონტის მთელ სიგრძეზე დაბმული უნდა გვყავდეს და ის უნდა განიცდიდეს არა მარტო მუდმივ პრესს, არამედ იმის შიშსაც, რომ ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანა მას უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის, ვიდრე არსებული ვითარებაა. აღნიშნული ტექნიკურად შესაძლებელია, თუკი მთავარი შეტევის პარალელურად, თანაზომიერი ინტერვალებით, შეტევაზე გადასული ნაწილები ერთიმეორის მიყოლებით, რიგ-რიგობით მოექცევიან მოწინააღმდეგის თვალთახედვის არეში და იძულებულს გახდიან მას, რეალური შემოვლის საფრთხის გამო, არ დაუშვას ფრონტის შეკუმშვა-შევიწროვება, როგორც ეს მეოთხე ნახაზზეა გამოსახული.

 ცრუ უკანდახევა

აღნიშნული მანევრის არსია დავარწმუნოთ მოწინააღმდეგე იოლი გამარჯვების შესაძლებლობაში, რომ მან წამოწყებული შეტევა გამოდევნებით შეცვალოს. აღნიშნული არღვევს მის თავდაპირველ საბრძოლო წყობას და იძლევა კონტრშეტევის ბრწყინვალე შესაძლებლობას,  განსაკუთრებით,  ფლანგებზე (ნახ.5). ცრუ უკანდახევა ხშირადაა მიბმული არანაკლებ მნიშვნელოვან, ტექნიკური თვალსაზრისით, თითქმის იდენტურ, თუმცა მაინც განსხვავებულ მანევრზე, როგორიცაა შეტევა წინასწარ გამზადებული დაცვითი პოზიციიდან, რომლის დროსაც ცრუ უკანდახევა გამოყენებულია ამ პოზიციებამდე მოწინააღმდეგის შემოტყუებისათვის (ველინგტონის 1810 წლის კამპანია პორტუგალიაში, მესინას წინააღმდეგ).

ცრუ უკანდახევა

ისტორიული მაგალითი

ისტორიულად, ცრუ უკანდახევა ხშირად გამოიყენებოდა არა იმდენად   სტრატეგიული უპირატესობის მოსაპოვებლად, რამდენადაც მოწინააღმდეგის ხაფანგში მოსაქცევად, ძლიერი ტაქტიკური უპირატესობის მიღწევის მიზნით. თუმცა ასეთი უპირატესობა ზოგჯერ ბრძოლის ბედსაც წყვეტდა და არაერთხელ სახელმწიფოთა ბედიც გადაუწყვეტია. გავიხსენოთ 1241 წლის მარტ-აპრილში მონღოლთა მიერ პეშტისა და მთლიანად უნგრეთის აღება. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ცრუ უკანდახევას ეფექტურად იყენებდნენ როგორც მონღოლები, ასევე თურქები. ევრაზიის უკიდეგანო სივრცეები თითქო ბუნებრივად განაწყობდა ცხენოსან არმიებს ამდაგვარი სტრატეგიისათვის. ევროპელთაგან, ახალ დროში, ამ გამბიტის დიდოსტატი ველინგტონის დუკი, ფელდმარშალი არტურ უელსლი (1769-1852) გახლდათ, რომელმაც, 1810-1812 წლებში, პირინეის ნახევარკუნძულზე, სადაც ის ანტინაპოლეონური კოალიციის ძალებს მეთაურობდა, ფრანგული არმიის უდიდესი ნაწილი გაანადგურა.

ამ მხრივ ნიშანდობლივია 1812 წლის ზაფხულის კამპანია, როდესაც ველინგტონმა, უკანდახევის ხარჯზე, აიძულა ფრანგები იმდენად გაეშალათ თავიანთი ძალები, რომ ავანგარდი მთლიანად მოსწყდა არმიის ძირითად  ნაწილს. ასეთ შესაძლებლობას არც ერთი სარდალი არ უშვებს ხელიდან. არ გაუშვა არც ველინგტონმა. 12 აგვისტოს ის მადრიდში შედის.

  კომენტარი

თუ მონღოლთა მიერ, 1241 წელს, პეშტის აღების სქემას ველინგტონის 1812 წლის ზაფხულის კამპანიას შევადარებთ, ვნახავთ, რომ მანევრის ძირითადი ძარღვი მოწინააღმდეგის საკუთარ შეტევაზე დაჭერა, მისი დანაწევრება – დაქუცმაცება, მთლიანობის რღვევა და ცალ-ცალკე განადგურება გახლავთ. თუ ცენტრის გარღვევას გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ საქმე, არსებითად, ამავე შინაარსთან გვაქვს. ცენტრის გარღვევის ფინალიც მოწინააღმდეგის დანაწევრება და ცალ-ცალკე განადგურებაა, რაც, სხვა ჯაფის ფასად, უფრო პირდაპირი ქმედებებით მიიღწევა. აქ სწორედ რომ სიფრთხილე გვმართებს, რომ ეს ორი მანევრი,ამ მსგავსების გამო, იდენტურად, ურთიერთშენაცვლებად მანევრებად არ მივიჩნიოთ. არც ის იქნებოდა სწორი, რომელიმეზე რომ გვეთქვა უმჯობესიაო, ვინაიდან მათი გამოყენების ეფექტურობა მთლიანად იმ სტრატეგიული გარემოთია განპირობებული, რაშიც სარდალი მოქმედებს: როგორც ველინგტონი ვერ შეძლებდა პორტუგალიაში მესინას დამარცხებას მალბოროს დარად, საფლანგო შეტევების გამოყენებით, მისი ცენტრის გარღვევა რომ ეცადა, ასევე არც მალბოროს გამოადგებოდა ველინგტონის სტრატეგია. 1810 წელს, პირინეებზე იმდაგვარი ვითარება შეიქმნა, რომ ველინგტონს აუცილებლად უკან უნდა დაეხია და ეს უკანდახევა ექცია გამარჯვების ინსტრუმენტად. ასევე მალბოროსთვის – იმ სტრატეგიულ ვითარებაში, რომელშიც ის მალპლაკესთან აღმოჩნდა, ნებისმიერი უკანდახევა, თუნდაც ცრუ, დამარცხების ტოლფასი იქნებოდა. იქ და იმ დროს აუცილებლად შეტევა იყო საჭირო.

რა უნდა გვახსოვდეს

დღევანდელი საბრძოლო სივრცე მეტად რთულია იმისათვის, რომ ცრუ უკანდახევა, ჰანიბალის დარად, კანად ვაქციოთ. მიუხედავად ამისა, ბრძოლის ველი ყოველთვის დარჩება იმ გარემოდ, სადაც ცრუ უკანდახევა არა მარტო შესაძლებელია, არამედ ყოველთვის დიდი ალბათობითაა სავარაუდო. ძირითადი აქ არის ის, რომ ცრუ უკანდახევა ყოველთვის ხაფანგია, ისევე როგორც ხაფანგია, აიძულო მოწინააღმდეგე, შეგებრძოლოს წინასწარ შემზადებულ პოზიციაზე. ეს იძულება სხვა არაფერია, თუ არა მისივე შეტევით მანიპულირება, მისი შემოტყუება და ბრძოლის წარმოება ჩვენთვის მომგებიან პირობებში.

დავიმახსოვროთ, რომ ნებისმიერი ხაფანგი ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ კი ის კარგადაა შენიღბული და დაგებული – მოულოდნელ ადგილზე.

ასევე დავიმახსოვროთ, რომ ხაფანგში საბოლოოდ ის ებმევა, ვინც თავის ძალებში ზედმეტად დარწმუნებული, იოლი გამარჯვების ცდუნებას აჰყვება.

 სტრატეგიული შემოვლა

აღნიშნული მანევრის არსია უმნიშვნელო გადაადგილებებით მოწინააღმდეგის ყურადღების გადატანა ძირითადი ძალების გადაადგილებისაგან, რომლებიც მიმართულია მოწინააღდეგის ზურგში განლაგებული ბაზებისა და საკომუნიკაციო ხაზების (გზების) მოსაჭრელად. ეს მდგომარეობა აიძულებს მოწინააღმდეგეს საბრძოლო მოქმედებები თავისსავე ზურგში აწარმოოს.

სტრატეგიული შემოვლა

ამ მანევრს სტრატეგიულ შემოვლას ეძახიან, ვინაიდან მისი დანიშნულება არის არა ამა თუ იმ ტაქტიკური უპირატესობის მიღწევა, ანდა ამა თუ იმ კონკრეტულ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებაა, არამედ ისეთი გადაადგილების განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მოწინააღმდეგის მოძრაობას და მის მიერ ეფექტურ საომარ მოქმედებათა წარმართვას იმთავითვე სათუოდ ხდის. სხვა სიტყვებით, ეს არის სტრატეგიული უპირატესობის მოპოვება.

ისტორიული მაგალითი

აღნიშნული მანევრი გაცილებით ადვილია გასააზრებლად, ვიდრე შესასრულებლად. მისი წარმატებული წარმართვისათვის ორი პრინციპული მოთხოვნა არსებობს: გადაადგილების სისწრაფე და მოულოდნელობა.  საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, არც პირველი და, შესაბამისად, არც მეორე შესაძლებელი არ იყო: არმიები მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი აღალზე, რომელიც უზრუნველყოფის ერთადერთ გზას წარმოადგენდა. შემთხვევით არ იყო ნათქვამი, რომ „არმიებს გადაადგილება ზუსტად იმ მანძილზე შეუძლიათ, რა მანძილზეც მათ პური მიჰყვება“. ვითარება მკვეთრად იცვლება ნაპოლეონის რეფორმებთან ერთად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი მიდგომა არმიის მომარაგების მიმართ, რამაც მისი მოძრაობა საკომუნიკაციო ხაზებისა და ბაზების მიმართ დამოუკიდებელი გახადა. ამან ნაპოლეონს საშუალება მისცა ყოველთვის აღმოჩენილიყო იქ, სადაც მას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ და მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად არ იყო სასურველი. ულმის მანევრი, რომელიც მან 1805 წლის სექტემბერ-ოქტომბერში განახორციელა, ამ მხრივ ყველაზე ნიშანდობლივი იყო.

სტრატეგიული ვითარება, რომელიც ამ პერიოდისათვის შეიქმნა, შემდეგია: ნაპოლეონი ინგლისში შესაჭრელად ემზადება. ინგლისი ახერხებს მის წინააღმდეგ მესამე კოალიციის თავმოყრას, რომლის ბირთვს რუსეთი და ავსტრია წარმოადგენს. კოალიცია ცდილობს თავი მოუყაროს გაერთიანებულ ძალებს და თავად განახორციელოს საფრანგეთში შეჭრა. ნაპოლეონი იძულებულია მიატოვოს ბულონის ტყე – ინგლისში შესაჭრელი ძალების თავშეყრის ადგილი და სწრაფად (და რაც მთავარია, ფარულად) დაძრას დიდი არმია აღმოსავლეთისაკენ. პირველი, მან არ უნდა დაუშვას კოალიციის წევრთა ძალების გაერთიანება და მეორე, მან უნდა შეძლოს კოალიციიდან მისი ერთ-ერთი საყრდენის, ავსტრიის, ამოგდება.

მანევრით, რომელიც ისტორიაში ულმის მანევრის სახელით არის შესული, ნაპოლეონი ბრწყინვალედ ართმევს თავს პირველი ამოცანის შესრულებას და მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს მეორე ამოცანის წარმატებულად გადაჭრას. ის არა მარტო არ უშვებს რუსეთის არმიებს ავსტრიელებთან, არამედ ახერხებს თავად ავსტრიელთა ძალების დაქსაქსვას და მათი სათაო ძალების მარყუჟში მოქცევას.  შედეგად,  ულმში გამაგრებული ავსტრიელთა სარდალი მაკი ოცდაშვიდიათასიანი კორპუსით იძულებულია დანებდეს. რამდენიმე დღეში ასევე ნებდება კიდევ ოცდაათი ათასი.

კომენტარი

ულმის მანევრი ერთი, მეტად საყურადღებო გარემოების გამო არის საინტერესო. მთელი პერიოდის მანძილზე, დუნაიზე პირველი გადასვლიდან, ვიდრე ულმის ალყაში მოქცევამდე და მაკის კაპიტულაციამდე, ნაპოლეონს არც ერთი სტრატეგიული ბრძოლა არ გაუმართავს. მას ეს არ დასჭირდა. მთელი კამპანია მცირე შეტაკებების ფონზე წარიმართა, რომელთა შედეგად ნაპოლეონი მოწინააღმდეგეს ართმევდა ინიციატივას და ტემპის დაუკარგავად მიიწევდა წინ.

უნდა ითქვას, რომ სტრატეგიული შემოვლა არის ე.წ. ირიბი მიდგომის თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც, ზოგადად, ომის წარმოების ერთ-ერთ ეფექტურ სტრატეგიად ითვლება. ირიბი მიდგომის, როგორც საომარ მოქმედებათა სტრატეგიის არსი, შეიძლება დავიყვანოთ შემდეგი ორი ამოცანის განხორციელებაზე:

1. მოწინააღმდეგეს არ მივცეთ საშუალება გამოიყენოს, ის რაც რეალურად მის ძალას (სიძლიერეს) წარმოადგენს. მაგალითად, ანტინაპოლეონურ კოალიციას რომ ძალთა დროული თავმოყრა მოეხერხებინა, შესაძლოა საქმე აუსტერლიცამდე არც მისულიყო.

2. თავადვე შევქმნათ მოწინააღმდეგის სისუსტეები და ეფექტურად გამოვიყენოთ.

აღნიშნული სისუსტეები შესაძლოა, პირობითად, სამ ჯგუფად წარმოვადგინოთ: გეოგრაფიული, ფუნქციონალური და ფსიქოლოგიური.

  •  პირველი საკმაოდ ადვილი გასაცნობიერებელია: ეს არის ისეთი მდებარეობის დაკავება, რომელიც მოწინააღმდეგეს აიძულებს, ბრძოლას თავი აარიდოს (ე.წ. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები).
  •  ფუნქციონალური სისუსტის გამოყენება გახლავთ ისეთი ვითარება, როდესაც მოწინააღმდეგეს იმდაგვარი საშუალებით შევუტევთ, რის წინააღმდეგ მას თავდაცვის უნარი არ გააჩნია (მაგ. ავიაციით შევუტიოთ მოწინააღმდეგეს, რომელსაც ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები არ გააჩნია), ანდა ვაიძულებთ მას ისეთ ქმედებაზე, როდესაც მისი სიძლიერე მისსავე სისუსტედ იქცევა (მაგ. ქვეითები, რომელთაც გამაგრებული მაღლობი უჭირავთ, ჩამოვიტყუოთ დაბლობზე, და ბრძოლა იქ მოვახვიოთ თავს).
  • ფსიქოლოგიური სისუსტის გამოყენება ბრძოლის დაწყებამდე მოწინააღმდეგის ძალებში ისეთი მორალური კლიმატის შექმნას გულისხმობს, რომელიც ბრძოლის ნებას დააკარგვინებს მოწინააღმდეგის მეთაურს.

შევნიშნოთ, რომ აღნიშნული დაყოფა პირობითია იმდენად, რამდენადაც რეალური მოქმედების დროს სამივე ფაქტორი ერთდროულადაა ამოქმედებული. თუ რომელიმე ერთი ფაქტორი მაინც დავუთმეთ მოწინააღმდეგეს, საბოლოო შედეგი, შესაძლოა, იმთავითვე სათუო გავხადოთ. მაგალითად, ვიეტნამში აშშ მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორით ჩამორჩებოდა ვიეტკონგელებს, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ნულამდე დასულიყო ამერიკელთა ტექნოლოგიური და ორგანიზაციული უპირატესობა.

რა უნდა გვახსოვდეს

1) „ყოველთვის შეიძლება სარგებელი ნახო ისე, რომ იარაღი არ გაცვითო“.

2) „ვინც ომი იცის, მოწინააღმდეგეს იპყრობს ბრძოლის გარეშე “.

ორივე აზრი სუნ ძის (ძვ.წ. 514 – 595) ეკუთვნის, რომლის ტრაქტატი ომის ხელოვნების შესახებ ირიბი მიდგომის პირველ აღწერად შეიძლება ჩაითვალოს.

 დასკვნის მაგიერ

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ბრძოლის ველი აღარაა ის, რაც სულ ცოტა, ნახევარი  საუკუნის წინ მაინც იყო და არც ბრძოლის წარმოების ხერხები დარჩა იგივე, თუნდაც ტექნოლოგიურ ცვლილებათა გამო, წარმატებული თანამედროვე კამპანიების ანალიზისას,  ჩვენ აუცილებლად გადავაწყდებით სარდლის ჩანაფიქრს, რომელიც ჩვენ მიერ განხილულ ერთ-ერთ სტრატეგიას ეფუძნება. მაგალითისთვის გენერალ შვარცკოფის მიერ ასსაათიანი სახმელეთო ოპერაციაც კმარა ქუვეითის გათავისუფლებისათვის ომის დროს. მთელი მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც თვეები გრძელდებოდა, შვარცკოფმა შეძლო დაერწმუნებინა ერაყის სარდლობა, რომ დარტყმის ძირითადი მიმართულება ფრონტის აღმოსავლეთის მონაკვეთი იქნებოდა. ერაყელთა არმიის უზარმაზარი მასა ამ მონაკვეთზე იქნა მიბმული. სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, შვარცკოფმა ძალების გადასროლა დასავლეთით დაიწყო, ერაყელთა დაუცველი ფლანგის მიმართულებით.  მან უკვე იცოდა, რომ

1. ამერიკელთა მიერ ამ დროისთვის მოპოვებულმა საჰაერო უპირატესობამ  შეუძლებელი გახადა ამ მანევრის დაფიქსირება.

2. მანევრი კიდევაც რომ დაფიქსირებულიყო, ერაყელები ვეღარ ასწრებდნენ საკუთარი ჯარების გადაჯგუფებას.

ფაქტიურად, უკვე ამ ეტაპზე ომის ბედი გადაწყვეტილი იყო. თუმცა ასსაათიანი ოპერაცია ცალკე განხილვის თემაა უთუოდ. აქ შეგვიძლია დავიმახსოვროთ მხოლოდ ის, რომ საუკუნეთა მანძილზე გამომუშავებული ბრძოლების წარმოების სიბრძნე დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა ბედი სულ რამოდენიმე ჰექტარზე წყდებოდა.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

 

ავტორი – დავით თევზაძე