საქართველოში ხანძრის კერებს ისევ ებრძვიან. 500 მეხანძრე მაშველი ცეცხლის ქრობის სამუშაოებს შვიდ ლოკაციაზე განაგრძობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა მონიტორინგს ტყისა თუ მინდვრის ხანძრის კერებზე. გართულებები არ ყოფილა. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ამ ხნის განმავლობაში ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული შვიდი კერიდან სამი კერა ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძარი ისევ არის სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და შიდა ქართლში. შვიდი კერიდან ოთხი სამეგრელოშია, მათ შორის ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, სამზე გრძელდება ლოკალიზებისთვის საჭირო სამუშაოები. ორი კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურში, ერთი სოფელ ფახულანში და ერთი მარტვილში, სოფელ დობარაზენში. ორი კერაა დარჩენილი რაჭა-ლეჩხუმში, მათ შორის ერთი ლოკალიზებულია. ონში რჩება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ქრობის სამუშაოებში. ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ამბროლაურში, სოფელ აბარში, გრძელდება ლოკალიზებისთვის საჭირო სამუშაოები.
ხანძარი ლოკალიზებულია ასევე შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.