კახეთში მეორე დღეა, ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი გუშინ საღამოს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან რამდენიმე კილომეტრში გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ტყის ქვედა საფართან ერთად იწვის ხმელი ხეები. ხანძარი რთულად მისადგომ ადგილზეა გავრცელებული, რის გამოც ქრობის პროცესი ფერხდება.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, მეხანძრე-მაშველები, ადგილობრივთა ჯგუფები და სატყეო სამსახურის თანამშრომლები. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, სრული ლოკალიზება ვერ ხერხდება. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.