ხანძრის კერები ოკუპირებულ აფხაზეთში

ხანძრის ახალი კერები გაჩნდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამჯერად ბზიფის მიდამოებში. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიასთან გასამკლავებლად დასახლებაში სახანძროს ორი ეკიპაჟი გაგზავნეს.

ხანძარს გაგრაში უკვე რამდენიმე დღეა, ებრძვიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტიქია საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სამსახურებში აცხადებენ, ცეცხლი გაგრის აღმოსავლეთი მხრიდან, სანატორიუმსა და საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მძვინვარებს.

გაგრის რაიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურის დე ფაქტო წარმომადგენელი მედიასთან ამბობს, რომ გაგრაში ადგილობრივ მეხანძრეებს საცხოვრებელი სექტორის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლიათ, თუმცა, ვერ აქრობენ ცეცხლს ტყეებში, რთულად მისადგომ ადგილებში, რადგან ამისთვის აუცილებელი ტექნიკა არ გააჩნიათ. ამასთან, დე ფაქტო რეჟიმი ისევ უარს ამბობს, ცენტრალური ხელისუფლების შეთავაზებაზე, დახმარებასთან დაკავშირებით.