არასამთავრობოები იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურებიან. მათი თქმით, თეა წულუკიანის მიერ ტელეეთერში გაკეთებული განცხადება შეურაცხმყოფელია და ტრანსფობიის წახალისებას უწყობს ხელს. არასამთავრობოებმა მინისტრს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაც შეახსენეს და განაცხადეს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის ჩანაწერის ცვლილებისთვის ოპერაცია საჭირო არ არის და სამინისტროს ამის დარეგულირება კანონქვემდებარე აქტის გამოცემით შეუძლია.
თეა წულუკიანმა 10 ივნისს “იმედის” ეთერში გასატარებელ რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის ჩანაწერის შეცვლას ეხებოდა.