ანრი ოხანაშვილი - თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა გაცდენილია ჩარჩოს, რაზეც შეიძლება არასამთავრობო სექტორი საუბრობდეს
ანრი ოხანაშვილი - თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა გაცდენილია ჩარჩოს, რაზეც შეიძლება არასამთავრობო სექტორი საუბრობდეს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომასთან დაკავშირებით, არც კორექტულია და არც დასაბუთებული, – ამის შესახებ დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული მოთხოვნა გაცდენილია იმ ჩარჩოს და იმ ფარგლებს, რაზეც შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს სექტორი საუბრობდეს.

„ამიტომ, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმ რეალობას, რაც კანონმდებლობით გვაქვს. კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ სწორედ იუსტიციის მინისტრი აწარმოებს მოლაპარაკებას ფართო ჩართულობით მთავარი პროკურორის შერჩევასთან დაკავშირებით. ვთქვით, რომ ფართო ჩართულობა იქნებოდა უზრუნველყოფილი და ასეც მიმდინარეობს პროცესი. შესაბამისად,  თუ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები სრულდება, მაშინ აღარ რჩება კითხვა, რას ითხოვენ, რა არის აქ პრობლემა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი შეფასებით,  თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი რეფორმატორი მინისტრი, რომლის საქმიანობასაც ბევრი პროექტი და წარმატებული ღონისძიება უკავშირდება.

დეპუტატის თქმით, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ყველას ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამ პროცესში ყველას ჩართულობა არის მნიშვნელოვანი. მოვუწოდებ და ვთხოვ ყველას, გადავიდნენ დიალოგის რეჟიმში და ულტიმატუმით საუბარი არ არის სწორი ფორმა, მიიღონ მონაწილეობა, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მათი ჩართულობით მოხდეს შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე შეფასებით, ეს არის პიროვნული საკითხი და დეპუტატი არასამთავრობოებს ურჩევს, მსგავსი დამოკიდებულება გვერდით გადადონ.

ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა. როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, თუ თეა წულუკიანი არ გადადგება, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებიან.