ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს
ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს

ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს.

როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თუ თეა წულუკიანი არ გადადგება, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებიან.

არასამთავრობოები თეა წულუკიანს პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ მოუწოდებენ და შექმნილ ვითარებაში მის წვლილზე მიანიშნებენ. მათი თქმით, სიტუაცია კრიზისულია, რაც ჩავარდნილმა რეფორმებმა გამოწვია.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ახალი იუსტიციის მინისტრის შერჩევის შემთხვევაში, შეიქმნება რესურსი, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ძალიან ბევრი ჯგუფის მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება მთავარი პროკურორის კანდიდატურას, ისინი ჯერჯერობით ამ თემაზე არ საუბრობენ და თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 31 მაისს დატოვა. ირაკლი შოთაძის გადადგომა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.